LIVE

ჯანმომ Covid-19-ის სამკურნალო ორი ახალი წამალი დაამტკიცა

14 იან 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 2081
ჯანმომ Covid-19-ის სამკურნალო ორი ახალი წამალი დაამტკიცა

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" (WHO) Covid-19-ის სამკურნალო ორი ახალი წამალი დაამტკიცა

პირველი პრეპარატი, "ბარიციტინიბი", მკაცრად რეკომენდებულია მძიმე ან კრიტიკული კოვიდპაციენტებისთვის. "ბარიციტინიბი" არის ორალური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. ის იანუს კინაზას (JAK) ინჰიბიტორების ჯგუფს განეკუთვნება. ჯანმო მასთან ერთად კორტიკოსტეროიდების მიღების რეკომენდაციას იძლევა. 

ჯანმომ ასევე პირობითი რეკომენდაცია გაუწია მონოკლონური ანტისხეულების წამლის, "სოტროვიმაბის" გამოყენებას მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის COVID-19-ის პაციენტებში, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ეს გულისხმობს პაციენტებს, რომლებიც არიან ხანდაზმული ან იმუნოდეფიციტის მქონე პირები, რომლებსაც აქვთ დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტენზია, სიმსუქნე და არ არიან ვაქცინირებული.

"სოტროვიმაბმა" კვლევებში 79%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებში. წამალი დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა დაამტკიცა. ადრეული ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ ის ინარჩუნებს თავის აქტივობას ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევაში. 

გაიდლაინების შემქმნელმა ექსპერტთა ჯგუფმა ასევე განიხილა ორი სხვა პრეპარატი: რუქსოლიტინიბი და ტოფაციტინიბი, რომელიც მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. იმის გამო, რომ მათი მოქმედება სრულყოფილად შესწავლილი არ არის, ჯანმომ მათი გამოყენების წინააღმდეგ პირობითი რეკომენდაცია გასცა.