LIVE

GSK ანტისხეულების მკურნალობა ომიკრონის წინააღმდეგ ეფექტურია - კვლევა

07 დეკ 202117:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1453
GSK ანტისხეულების მკურნალობა ომიკრონის წინააღმდეგ ეფექტურია - კვლევა
Bloomberg

GlaxoSmithKline-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების პრეპარატი ეფექტურია ომიკრონის შტამის მუტაციების სრული კომბინაციის წინააღმდეგ.

ტესტებმა აჩვენა, რომ "სოტროვიმაბი", Glaxo-ს მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი, წინააღმდეგობას უწევს ყველა მუტაციას ომიკრონის ვარიანტის ცილაში და არა მხოლოდ ძირითად მუტაციებს, ნათქვამია წამლის მწარმოებლის განცხადებაში. ტესტები მოიცავდა 37 მუტაციას, რომლებიც დღემდე გამოვლენილა სპაიკის ცილაში.

Glaxo-ს კვლევა ქვეყნდება იმ ფონზე, როცა მსოფლიოში გაურკვევლობაა, ამცირებს თუ არა ომიკრონი არსებული წამლებისა და ვაქცინების ეფექტურობას. მისმა მრავალრიცხოვანმა მუტაციებმა, განსაკუთრებით ცილაში, რომელიც მკურნალობის უმრავლესობის სამიზნეა, გამოიწვია შეშფოთება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ნეგატიურად აისახა ფინანსურ ბაზრებზე.

“დარწმუნებულნი ვართ, რომ "სოტროვიმაბი" გააგრძელებს ადრეული მკურნალობის მნიშვნელოვან სარგებელს პაციენტებისთვის, რომლებსაც სურთ, თავიდან აიცილონ Covid-19-ის ყველაზე სერიოზული შედეგები”,- განაცხადა ჯორჯ სკანგოსმა, Vir Biotechnology-ის აღმასრულებელმა და პრეპარატის ერთ-ერთმა ავტორმა.

"სოტროვიმაბმა" კვლევებში 79%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებში. წამალი დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლმა დაამტკიცა.

Glaxo-მ გასულ კვირას განაცხადა, რომ პრეპარატი ეფექტურია ომიკრონის ძირითადი მუტაციების წინააღმდეგ, მაგრამ შემდგომი ტესტები იძლევა უფრო მეტ ნდობას, რომ პრეპარატს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ახალ ვარიანტს.

ინექციური ანტისხეულები მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია Covid-ის მკურნალობის არსენალში, მაგრამ ისინი შეიძლება იყოს გასაღები იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დეირდრე ჰიპველი