LIVE

„შირაქი“ აშშ-ში ყველის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

16 იან 202215:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 1320
„შირაქი“ აშშ-ში ყველის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

რძის პროდუქტების მწარმოებელი ქართული კომპანია „შირაქი“ აშშ-ში ყველის ექსპორტის გაზრდას გეგმავს. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიის მენეჯერმა დავით აფციაურმა განუცხადა, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 3 ტონამდე 5 სახეობის ყველი (სულგუნი, შებოლილი სულგუნი, იმერული ყველი, ე.წ. ქარხნის ყველი და გრეხილი ყველი) იგზავნება.

„შტატებში ყველის ექსპორტი 2 წელია რაც დავიწყეთ. წლის განმავლობაში 3 ტონამდე ყველს ვაგზავნით და მზარდი მოთხოვნის ფონზე ექსპორტის გაზრდას ვგეგმავთ. სამწუხაროდ, ნედლი რძის დეფიციტი საქართველოში ჩვენს და სხვა მსგავსი კომპანიების ექსპორტს სერიოზულ პრობლემებს უქმნის“,- აცხადებს აფციაური.

„შირაქი“ ყველის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კერძოდ დუბაიშიც ახორციელებს. „შირაქის“ ყველზე მოთხოვნაა რუსეთში, აზერბაიჯანში და სომხეთშიც, თუმცა აფციაურის განმარტებით, ამ ეტაპზე კომპანიას ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 116.7 ტონა ყველის ექსპორტით $778 ათასის შემოსავალი მიიღო.