ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა კიდევ ერთხელ გაუუქმა. იმიგრაციის მინისტრის ალექს ჰოუკის გადაწყვეტილების მიხედვით, ჩოგბურთის ვარსკვლავს ახლა დეპორტაცია ემუქრება, თუმცა სპორტსმენს კიდევ აქვს შანსი მორიგი სასამართლო პროცესის მეშვეობით ქვეყანაში დარჩენის უფლება მოიპოვოს.
იმიგრაციის მინისტრმა ვიზის გაუქმება საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა.
"ამ გადაწყვეტილების მიღებისას მე გავითვალისწინე შინაგან საქმეთა დეპარტამენტის, ავსტრალიის სასაზღვრო ძალების და ბატონი ჯოკოვიჩის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. მორისონის მთავრობა მტკიცედ იცავს ავსტრალიის საზღვრებს, განსაკუთრებით Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებით", - განმარტა ჰოუკმა.
ჯოკოვიჩს, რომელიც ვაქცინირებული არ არის, ვიზა 6 იანვარს ავსტრალიაში ჩასვლისთანავე გაუუქმდა ვაქცინის გამონაკლისთან დაკავშირებული კითხვების გამო, რაც მას ქვეყანაში შესვლის უფლებას მისცემდა. ორშაბათს კი მოსამართლემ სადეპორტაციო პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ჩოგბურთელმა აღიარა, რომ ავსტრალიაში შესვლამდე სამოგზაურო ფორმაში არასწორი ინფორმაცია მიუთითა. მისი თქმით, აგენტმა ფორმის შევსებისას შეცდომა დაუშვა. მან ასევე დაადასტურა, რომ გასული დეკემბერში, Covid-19-ით ინფიცირების დროს იზოლაციის წესების დაარღვია.
დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ჩასვლამდე 14 დღის განმავლობაში არ უმოგზაურია, მაგრამ არსებული ინფორმაციით, ჩოგბურთელმა სერბეთში, შემდეგ კი ესპანეთში იმოგზაურა.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მთავრობას შესაძლებლობა ჰქონდა, დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩოგბურთის ვარსკვლავისთვის ვიზა მეორედ გაეუქმებინა.
ჯოკოვიჩი ავსტრალიაში დიდი სლემის 21-ე ტიტულის მოსაპოვებლად გაემგზავრა. ავსტრალიის ღია პირველობა ორშაბათს იწყება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრის ბურკი