LIVE

ჯოკოვიჩი Covid-19-ით ინფიცირებისას იზოლაციის წესების დარღვევას აღიარებს

12 იან 202213:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 597
ჯოკოვიჩი Covid-19-ით ინფიცირებისას იზოლაციის წესების დარღვევას აღიარებს
GETTY IMAGES

ნოვაკ ჯოკოვიჩი დეკემბერში, Covid-19-ით ინფიცირების დროს იზოლაციის წესების დარღვევას ადასტურებს.

ჯოკოვიჩმა აღიარება Instagram-ზე დაწერა. ჩოგბურთელმა ასევე აღიარა, რომ ავსტრალიაში შესვლამდე სამოგზაურო ფორმაში არასწორი ინფორმაცია მიუთითა. მისი თქმით, აგენტმა  ფორმის შევსებისას შეცდომა დაუშვა.

დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ჩასვლამდე 14 დღის განმავლობაში არ უმოგზაურია, მაგრამ არსებული ინფორმაციით, ჩოგბურთელმა სერბეთში, შემდეგ კი ესპანეთში იმოგზაურა.

ჩოგბურთის ვარსკვლავს იმედი აქვს, რომ მომავალ კვირას ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს, მაგრამ მისი მონაწილეობა ვიზასთან დაკავშირებულმა სკანდალმა დაჩრდილა.

ჯოკოვიჩს, რომელიც ვაქცინირებული არ არის, ვიზა 6 იანვარს ავსტრალიაში ჩასვლისთანავე გაუუქმდა ვაქცინის გამონაკლისთან დაკავშირებული კითხვების გამო, რაც მას ქვეყანაში შესვლის უფლებას მისცემდა. ორშაბათს კი მოსამართლემ სადეპორტაციო პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მთავრობას რჩება შესაძლებლობა, მეორედ გააუქმოს ვიზა ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

თუ ჯოკოვიჩი მოიგებს ავსტრალიის ღია პირველობას - მის 21-ე გრანდ სლემს - ის გახდება ისტორიაში ყველაზე წარმატებული მამაკაცი ჩოგბურთელი.