თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა დევნის ხანდაზმულობის გამო ბრალდებები გადაკვალიფიცირდა და ისინი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გაუუქმდათ ქონებაზე დადებული ყადაღა, შეფარდებული გირაო და საზღვრის კვეთის აკრძალვა.
3 წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, მოსამართლე გიორგი არევაძემ სამივე მათგანი დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
„სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს“,- აღნიშნა „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
პროკურატურამ TBC ბანკის დამფუძნებლებისა და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე, 10 წლის შემდეგ, 2018 წელს დაიწყო, 2019 წელს კი მათ ბრალი წარუდგინა. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა 17 მლნ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში ადანაშაულებდა.
რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.