LIVE

Goldman-ის მხარდაჭერილი ფინტექ კომპანია Meta-ს ბოიკოტს უცხადებს

07 იან 202217:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 848
Goldman-ის მხარდაჭერილი ფინტექ კომპანია Meta-ს ბოიკოტს უცხადებს

Starling Bank-ის აღმასრულებელმა დირექტორ ენ ბოდენს მკაფიო საახალწლო გზავნილი აქვს Meta-სთვის: მოიშორეთ თაღლითები, თუ გინდათ, რომ თქვენთან კვლავ განვათავსოთ რეკლამა.

ყოველწლიურ წერილში ბოდენმა განაცხადა, რომ ლონდონში დაფუძნებულმა Starling-მა, რომლის მხარდამჭერია Goldman Sachs-ი, შეწყვიტა რეკლამა Facebook-სა და Instagram-ზე და თქვა, რომ Meta არ აკეთებს საკმარისს იმისათვის, რომ თაღლითებმა მისი პლატფორმა ვერ გამოიყენონ.

“გვინდა დავიცვათ ჩვენი მომხმარებლები და ბრენდის მთლიანობა. ჩვენ აღარ შეგვიძლია განვათავსოთ რეკლამა პლატფორმაზე თაღლითების გვერდით, რომლებიც ეძებენ ჩვენი კლიენტების და სხვა ბანკების დანაზოგებს”, - წერს ბოდენი წერილში.

ციფრული ბანკი სოციალური მედიის პლატფორმების მომხმარებელი იყო სერვისების რეკლამირებისთვის და 2020 წლის ბოლომდე თვეში ასობით ათას ფუნტს ხარჯავდა Meta-ს მთავარ პლატფორმებზე რეკლამისთვის. ხარჯები ეტაპობრივად შემცირდა გასული 12 თვის განმავლობაში, სანამ Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

წერილში ბოდენმა თქვა, რომ Starling-ი უბიძგებდა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს, შეეზღუდათ თაღლითების მიერ სერვისების გამოყენება. მან მიუთითა Google-ის გადაწყვეტილებაზე, შეწყვიტოს ფინანსური სერვისების რეკლამის მიღება, თუ განმთავსებელი ვერ დაამტკიცებს, რომ ავტორიზებულია გაერთიანებული სამეფოს ფინანსური რეგულირების ორგანოს მიერ, ან მიეკუთვნება შეზღუდული რაოდენობის გამონაკლისებს.

Meta-მ დეკემბერში მიუთითა, რომ Google-ის მსგავს ნაბიჯებს გადადგამდა, მაგრამ, როგორც ბოდენი წერს, კომპანია კვლავ ელოდება, “როდის და როგორ განხორციელდება ეს ინიციატივა”.

ბრიტანეთის ფინანსურმა მარეგულირებელმა ნათლად გამოხატა შეშფოთება თაღლითების მიერ სოციალური მედიის გამოყენების შესახებ. გასული წლის მაისში, მარეგულირებლის აღსრულებისა და ბაზრის ზედამხედველობის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ სტიუარდმა განაცხადა, რომ 2020 წელს გასცა 1204 გაფრთხილება პოტენციური თაღლითობის შესახებ, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 100%-ით მეტია. 

გასულ თვეში TechUK-მა, რომელიც წარმოადგენს დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს ბრიტანეთში, განაცხადა, რომ Meta-მ, ისევე როგორც Twitter-მა და Microsoft-მა, აიღეს ვალდებულება დაეცვათ უსაფრთხოების ზომები, რათა თავიდან თაღლითების რეკლამირება. Meta-ს შემთხვევაში, ახალი სისტემის გაშვებას მიმდინარე წელს ელოდებიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰარი უილსონი