7 იანვარს ნატო საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალურ შეხვედრას გამართავს. მიზანი უკრაინაში არსებული მდგომარეობის შეფასება და რუსეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე მსჯელობაა.
სწორედ ალიანსის 30 წევრის საგანგებო შეხვედრით დაიწყება ინტენსიური დიპლომატიის კვირა. 9-10 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკება გაიმართება, რასაც მოჰყვება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა 12 იანვარს და მოლაპარაკებები ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში 13 იანვარს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომ ვაშინგტონს შეუძლია ახალი სანქციები დაუწესოს მოსკოვს, თუკი ის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს განახორციელებს. საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება ორ ქვეყანას შორის კავშირების სრული გაწყვეტა გამოიწვიოს.
მოსკოვს სურს გარანტიები, რომ ნატო შეაჩერებს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებას და შეწყვეტს სამხედრო თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან.