LIVE

გამყრელიძე: ვაქცინაციის ახალი სამიზნე ივლისისთვის 70%-ზე ასვლა იქნება

28 დეკ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1120
გამყრელიძე: ვაქცინაციის ახალი სამიზნე ივლისისთვის 70%-ზე ასვლა იქნება

ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში ცვლილებები შევა, რომლის თანახმადაც, ივლისში ორჯერადად აცრილი, ქვეყნის მოსახლეობის 70% უნდა იყოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე არსებული 60%-იანი გეგმა ვერ შესრულდება.

„დასახული გვქონდა, რომ ქვეყანაში ორჯერადად აცრილი მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი ყოფილიყო. ალბათ 40%-ზე ავალთ. ვადასტურებ, რომ წლევანდელ გეგმას ვერ შევასრულებთ. ახლა გეგმის განახლება მიმდინარეობს. შესაბამისად, გვექნება ახალი სამიზნე - ივლისისთვის 70%-ზე ასვლა. იქ დაყოფილი იქნება, თუ როგორ უნდა ავიდეთ ამ მაჩვენებელზე. მნიშვნელოვანია, რომ მოწყვლად მოსახლეობაში, 60 წლის ზემოთ, გვქონდეს 90%-იანი მოცვა. 50-დან 60 წლამდე მოქალაქეებში კი, 80%-იანი და შემდეგ უფრო დაბალი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 481 500 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 18 წლის და უფროსი ასაკის 1 132 581 ადამიანი, რაც 39.4%-ს შეადგენს. ბუსტერ დოზა 67 315 მოქალაქეს აქვს გაკეთებული.