LIVE

რუსეთი: ამერიკელი დაქირავებულები უკრაინაში ქიმიურ თავდასხმას გეგმავენ

22 დეკ 202112:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 10804
რუსეთი: ამერიკელი დაქირავებულები უკრაინაში ქიმიურ თავდასხმას გეგმავენ
AGENCY/POOL/EPA

რუსეთი დასავლეთს უკრაინაში ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ამერიკელი დაქირავებულები სპეცრაზმსა და რადიკალურ შეიარაღებულ ჯგუფებს აღმოსავლეთ უკრაინაში “აქტიური საომარი მოქმედებებისთვის” ამზადებენ და უკრაინელებს “უცნობი ქიმიური კომპონენტი პროვოკაციების განსახორციელებლად” მიაწოდეს. განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გააკეთა.

“ამზადებენ საცეცხლე პოზიციებს საცხოვრებელ კორპუსებში და სოციალურად მნიშვნელოვან ობიექტებში, ამზადებენ უკრაინის ძალებს და რადიკალურ შეიარაღებულ ჯგუფებს აქტიური საომარი მოქმედებებისთვის”,- განაცხადა შოიგუმ.

რუსეთის უმაღლესი სამხედრო მეთაურების შეკრებაზე, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, შოიგუმ უკრაინის მთავრობა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებზე თავდასხმის დაგეგმვაში დაადანაშაულა. 

“ნატოს სურვილი, ჩართოს უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო მოქმედებებში, საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, იმის გათვალისწინებით, რომ კიევი ცდილობს დონბასის პრობლემა ძალით გადაჭრას. სიტუაციას ამძიმებს აშშ-ის და მისი მოკავშირეების მიერ ვერტმფრენების, უპილოტო საფრენი აპარატების, ATGM-ების (ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების) მიწოდება”,- განაცხადა შოიგუმ.

თავდაცვის მინისტრის ბრალდებები, რომელსაც ხშირად პუტინის პოტენციურ მემკვიდრედ მოიხსენიებენ, მიანიშნებს კრემლის მზაობაზე სერიოზულ ესკალაციის მიმართ. 

გასულ კვირას რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნების მთელი რიგი, მათ შორის მკაცრი გარანტია იმისა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არასოდეს გაწევრიანდებიან. შეხვედრაზე პუტინმა გაიმეორა მოთხოვნები დასავლეთის მიმართ, დაადანაშაულა აშშ მიმდინარე დაძაბულობაში და კიდევ ერთხელ წამოაყენა პრეტენზია აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შესახებ.

“რატომ იყო აუცილებელი ნატოს გაფართოება? რაც ახლა ხდება, დაძაბულობა, რომელიც ევროპაში ვითარდება, მათი ბრალია. ყოველ ნაბიჯზე რუსეთი იძულებული იყო, როგორმე ეპასუხა. ყოველ ნაბიჯზე მდგომარეობა უარესდებოდა და დეგრადირდებოდა. დღეს კი ისეთ ვითარებაში ვართ, როცა იძულებულნი ვართ, გადაწყვეტილება მივიღოთ”,- განაცხადა პუტინმა.