რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოს გაფართოების შემთხვევაში სამხედრო პასუხით ემუქრება და დაძაბულობის ზრდაში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.
"შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ უკან დასახევი არ გაქვს და რუსეთს არ შეუძლია მათ ნება დართოს, განათავსონ რაკეტები უკრაინაში, რომლებიც მოსკოვიდან რამდენიმე წუთის მანძილზე იქნება",- განუცხადა პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს.
რუსეთი “გასცემს ადეკვატურ სამხედრო-ტექნიკურ პასუხს და მტკიცედ ირეაგირებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის არამეგობრულ ნაბიჯებზე. შეიარაღებული კონფლიქტი და სისხლისღვრა აბსოლუტურად არ არის ჩვენი არჩევანი. გვსურს საკითხის გადაჭრა პოლიტიკური და დიპლომატიური გზით”,- განაცხადა პუტინმა.
გასულ კვირას რუსეთმა მოითხოვა ნატოს ძალების გაყვანა იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ 1997 წელს ეკავათ, სანამ ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოვდებოდა. აშშ და ევროპა რუსეთს უკრაინის მახლობლად ჯარების მობილიზებასა და მომავალი თვის დასაწყისში სამხედრო ინტერვენციისთვის მზადებაში ადანაშაულებენ.
“რუსეთი ვერ ენდობა შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებს, რადგან ვაშინგტონი ადვილად ამბობს უარს საკუთარ ვალდებულებებზე”,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.