LIVE

ენგურჰესი აღარ გაჩერდება - აფხაზეთი რუსული ელექტროენერგიის იმპორტზე გადაერთო

21 დეკ 202112:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 3191
ენგურჰესი აღარ გაჩერდება - აფხაზეთი რუსული ელექტროენერგიის იმპორტზე გადაერთო

ენგურჰესის გაჩერების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა, აფხაზურმა მხარემ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო და შესაბამისად, ჭარბი მოხმარების გამო ენგურჰესი აღარ გაჩერდება.

„წყალსაცავში მცირე ჩამონადენის გამო, ენგურჰესი აფხაზური მხარის ჭარბ მოხმარებას ვერ აუდიოდა, თუმცა დაიწყეს იმპორტი და ეს პრობლემა მოიხსნა. აფხაზეთის მოხმარების 75% რუსეთიდან იმპორტზე მოდის, დანარჩენი ენგურიდან მიეწოდებათ“,- განაცხადა მებონიამ.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 80%-ს აფხაზეთი მოიხმარს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ქართულმა მხარემ კვოტით გათვალისწინებული გამომუშავების 60%-დან დიდი ნაწილი უკვე აითვისა.

ენგურჰესის შესაძლო გაჩერების საფრთხე არასაკმარისი წყლის რესურსის პირობებში აფხაზური მხარის ჭარბ მოხმარებას უკავშირდებოდა.

ცნობისათვის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებული არაფორმალური შეთანხმებით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს აფხაზური, ხოლო დანარჩენს ქართული მხარე მოიხმარს. თუმცა, რეალურად აფხაზეთი გამომუშავების 40%-ზე ბევრად მეტს მოიხმარს. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველო მნიშვნელოვნად გახდა დამოკიდებული რუსულ ელექტროენერგიაზე, რაც მათ შორის აფხაზეთში გაზრდილ მოხმარებასთანაა დაკავშირებული. 11 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის იმპორტი 42%-ით გაიზარდა და საქართველომ 1 მლრდ 798 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, საიდანაც დაახლოებით 62% რუსეთზე მოდიოდა.