2021 წლის 11 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის იმპორტი 41.5%-ით გაიზარდა. ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთია.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში საქართველომ სულ 1 მლრდ 798 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, საიდანაც დაახლოებით 61.6%, ანუ 1 მლრდ 108 მლნ კვტ.სთ რუსეთზე მოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან გაზრდილი იმპორტი მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება. რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიიდან 909 მლნ კვტ.სთ სწორედ ოკუპირებულ აფხაზეთზე მოდის.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საქართველომ იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანიდან 528.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, ხოლო თურქეთიდან - 161.2 მლნ კვტ.სთ.
გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარებაც. კერძოდ, საქართველოს მოხმარებამ იანვარ-ნოემბერში 12 მლრდ 406 მლნ კვტ.სთ-ს გადააჭარბა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
11 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 11 მლრდ 452 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. აქედან უდიდესი წილი (9 მლრდ. 495.3 მლნ.კვტ.სთ) ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. თბოსადგურების მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 1 მილიარდ 878.6 მლნ.კვტ.სთ შეადგინა.