დაახლოებით ექვს დღეში ენგურჰესი შესაძლოა გაჩერდეს. როგორც ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის მოხმარებას არ შეამცირებს, ენგურჰესი გაჩერდება. მისი განმარტებით, პრობლემა არასაკმარის წყლის რესურსს უკავშირდება.
„ამ დროისათვის აფხაზური მხარის მოხმარება 400 მეგავატია. 5-6 დღის შემდეგ, როდესაც წყალსაცავი თავის რესურსს ამოწურავს, ენგურჰესი 80-100 მეგავატზე მეტის მიწოდებას ვერ შეძლებს. მოკლედ, აფხაზური მხარე ან შეზღუდავს მოხმარებას, ან გავჩერდებით“,- აცხადებს მებონია.
მებონიას განმარტებით, ამჟამად წყლის დონე წყალსაცავში ზღვის დონიდან, დაახლოებით 425 მეტრზეა. წყლის დონის კიდევ 7-8 მეტრით შემცირების შემდეგ კი ჰესი გაჩერდება. ჩამონადენის მატება წყალსაცავში მხოლოდ 15 აპრილის შემდეგ არის მოსალოდნელი.