LIVE

ჩინეთმა ინფლუენსერი $210 მილიონით დააჯარიმა

21 დეკ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 906
ჩინეთმა ინფლუენსერი $210 მილიონით დააჯარიმა
Getty Images

ჩინეთმა ლაივ სტრიმერ ჰუანგ ვეის გადასახადებისგან თავის არიდების გამო უპრეცედენტო, $210 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა. ნაბიჯი პრეზიდენტ სი ძინპინის მხრიდან ინფლუენსერებზე გაძლიერებულ ზეწოლას მოჰყვა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარულები გახდნენ.

ვეის, რომელიც ასევე ცნობილია Viya-ს სახელით, დაგვიანებული გადასახადებისა და ჯარიმის სახით 1.34 მილიარდი იუანის გადახდა მოუწევს. მან პირადი შემოსავლების დამალვით ჯამში 643 მილიონი იუანის გადასახადებს აარიდა თავი. განცხადების მიხედვით, ინფლუენსერმა 2019 და 2020 წლებში ყალბი დეკლარაციები წარადგინა. ვეი დანაშაულს აღიარებს და ჯარიმის დათქმულ ვადაში გადახდის პირობას დებს.

ჯარიმა ჯერჯერობით ყველაზე დიდია ონლაინ გამყიდველებს შორის, რომლებიც ცდილობენ მომხმარებლები სხვადასხვა პროდუქტების შეძენაში დაარწმუნონ. ინფლუენსერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია Alibaba-ს Taobao-ს პლატფორმაზე.

სიტუაცია პეკინის ყურადღების ონლაინ სტრიმინგ კომერციისკენ გადართვაზე მიანიშნებს. ონლაინ კომერციის ეს მიმართულება ბოლო წლებში მცირე რეგულაციების პირობებში გაძლიერდა. გახმაურებულმა შემთხვევამ შესაძლოა შეაშფოთოს მოვაჭრეები და ბრენდები, რომლებიც გაყიდვებისთვის ონლაინ სტრიმინგის ფორმატს ეყრდნობიან.

საგადასახადო ორგანოებმა ცნობილი ადამიანებისა და ლაივ სტრიმერებისთვის გამკაცრებული წესები სექტემბერში გამოაცხადეს. ბოლო ორი თვის განმავლობაში გადასახადებისთვის თავის არიდების გამო კიდევ ორი ინფლუენსერი $15 მილიონით დაჯარიმდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია