LIVE

თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა $2 მილიარდს აღწევს

20 დეკ 202112:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 1017

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი $1.89 მილიარდით თურქეთია. მეორე ადგილზეა რუსეთი ($1.47 მილიარდით). მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კი ჩინეთია ($1.35 მილიარდით).

იანვარ-ნოემბერში 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 79.5% შეადგინა.

11 თვეში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი ($569.1 მლნ), რუსეთი (549.1 მლნ.) და აზერბაიჯანი ($488.3 მლნ)

რაც შეეხება იმპორტს, პირველ სამეულში შედის: თურქეთი ($1.6 მლრდ), რუსეთი ($926.2 მლნ) და ჩინეთი ($790.4 მლნ).

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25%-ით გაიზარდა და $12.8 მილიარდს გადააჭარბა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.7%-ით გაიზარდა ექსპორტი და $3.8 მილიარდი შეადგინა. $8.9 მილიარდამდე, 24.5%-ით არის გაზრდილი იმპორტიც. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში $5.17 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.

აღსანიშნავია, რომ წმინდა ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მიმდინარე წელს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.7%-ით გაიზარდა და $2.8 მილიარდს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულად უფასურდება. 1 დოლარის ღირებულება უკვე 17 ლირას აჭარბებს და არსებობს მოლოდინი, რომ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის გაუფასურება გავლენას ლარის კურსზეც მოახდენს.