
"თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია ლარის 5%-6%-იან გაუფასურებას პროგნოზირებს. როგორც ნადარაიამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ლარის გაუფასურების მიზეზი თურქული ლირას გაუფასურებასთან ერთად, შესაძლოა ევროს დასუსტებაც გახდეს.
„1 დოლარი დღეს უკვე 13.7 ლირა ღირს. ბევრჯერ გვეგონა, რომ ლირამ გაუფასურების უმაღლეს ნიშნულს მიაღწია თუმცა, ჩანს, რომ მისი გაუფასურება გრძელდება. ლარსა და ლირას შორის ისტორიული კავშირი მართლაც არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. სუსტ ლირას ისტორიულად მოჰყვება, იმპორტის ზრდა სამი კვარტლის ჩამორჩენით. ჩვენი დაკვირვებით, თურქული პროდუქცია კონკურენციაში შედის სხვა იმპორტთან და არა ადგილობრივ წარმოებასთან. იმის თქმა მინდა, რომ ლირას გაუფასურებას ლარზე გავლენა ექნება, თუმცა, არც ისე დიდი. ჩემი აზრით, უფრო საყურადღებოა ევროს დასუსტება დოლართან მიმართებაში“,- აცხადებს ნადარაია.
მისი თქმით, სეზონური ფაქტორები, ანუ მთავრობის მიერ წლის ბოლოსათვის გაზრდილი ხარჯები, ლარის კურსზე ნაკლებ გავლენას ახდენს, ვინაიდან ამას ბაზარი უკვე შეეჩვია და მყისიერ რეაგირებას ახდენს.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის 1 აშშ დოლარი 3.1279 ლარი ღირს.