
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საშინაო პოლიტიკის მთავარი მრჩევლის შვილი ქვეყნის ყველაზე დიდი სოციალური ქსელის ხელმძღვანელად მას შემდეგ დაინიშნა, რაც გაზპრომთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მისი საკონტროლო პაკეტი იყიდეს.
38 წლის ვლადიმერ კირიენკო, რომელიც ადრე სახელმწიფო როსტელეკომის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო, VK-ის აღმასრულებელ დირექტორად გუშინ წარადგინეს. სამსახურიდან წასვლის შესახებ მან გასული კვირის პარასკევს განაცხადა.
კირიენკოს მამა პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველი მოადგილეა. ის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და პატიმრობის გამო, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულ მაღალჩინოსანთა შორისაა.
„დარწმუნებულები ვართ, რომ მისი გამოცდილება, ენთუზიაზმი და ენერგია VK-ის რუსულ ეკოსისტემებში ლიდერობის განმტკიცების გარანტი იქნება",- VK-ის თანადამფუძნებელმა და თავმჯდომარემ დიმიტრი გრიშინმა.
მენეჯმენტის ცვლილებას წინ უძღოდა გაზპრომთან დაკავშირებული ორი კომპანიის მიერ საკონტროლო პაკეტის შეძენა კომპანიაში, რომელიც VK-ის (რომელიც ადრე Mail.ru-ს სახელით იყო ცნობილი) აქციების 57%-ის მფლობელია.
რუსეთი ქვეყნის შიგნით უცხოურ ტექნოლოგიურ კომპანიებზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობს. კომპანიებს, მათ შორის Meta-ს პლატფორმებს Facebook-სა და Instagram-ს, ასევე Alphabet-ს უფრო დიდი ჯარიმა დაეკისრებათ, თუ ისინი მთავრობის მიერ უკანონოდ მიჩნეულ კონტენტს პლატფორმებიდან არ წაშლიან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯეიკ რუდნიცკი და ირინა რეზნიკი