LIVE

საქართველოში iPhone კრიპტოვალუტით გაიყიდება - iPlus-ის გეგმები

07 დეკ 202114:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 3296
საქართველოში iPhone კრიპტოვალუტით გაიყიდება - iPlus-ის გეგმები

საქართველოში Apple-ისა და Sony-ის ტექნიკის შეძენა კრიპტოვალუტითაც იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ სერვისს მომხმარებელს iPlus-ი შესთავაზებს.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიის დირექტორმა კახა სეფიაშვილმა განუცხადა, ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობენ და პროგრამა სრულად 22 დეკემბრიდან ჩაეშვება, გადახდა კი 16 სახეობის კრიპტოვალუტით იქნება შესაძლებელი.

„კვლევა ჩავატარეთ და როგორც გაირკვა, ჩვენი პოტენციური მომხმარებლების 12%-ს აქვს გარკვეული თანხა კრიპტოვალუტაში. სწორედ ამ გარემოებამ გადაგვაწყვეტინა, რომ მომხმარებლისათვის ახალი სერვისი შეგვეთავაზებინა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ სატესტო რეჟიმში ვართ, აქტიურობა საკმაოდ დიდია. მომხმარებელს აღარ უწევს კრიპტოვალუტის გადახურდავება შენაძენის გასაკეთებლად და ამით, გარკვეულ ფინანსურ სარგებელსაც ნახულობს. ამასთან, როცა მომხმარებელი ტელეფონს ან სხვა ტექნიკას შეიძენს კრიპტოვალუტაში, გარკვეული თანხა უკან დაუბრუნდება. ესეც, ერთგვარი წამახალისებელი ფაქტორი გამოდგა“,- აცხადებს სეფიაშვილი.

კომპანია წელიწადში, დაახლოებით 70 ათას iPhone-ს ყიდის და იმედოვნებენ, რომ სერვისის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ გაყიდვების, მინიმუმ 5%, სწორედ კრიპტოვალუტის მეშვეობით განხორციელდება. iPlus-ის საიტის მეშვეობით შენაძენის გაკეთება უცხოეთიდანაც არის შესაძლებელი. როგორც სეფაშვილი აცხადებს, პირველ ერთ თვეში კომპანია კრიპტოვალუტის მეშვეობით, დაახლოებით 22 ათასი ლარის ღირებულების პროდუქციის გაყიდვას გეგმავს.