LIVE

AstraZeneca-ს ვაქცინის შემქმნელი: შემდეგი პანდემია შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს

06 დეკ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1257
AstraZeneca-ს ვაქცინის შემქმნელი: შემდეგი პანდემია შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს
GETTY IMAGES

მომავალი პანდემიები შეიძლება უფრო მომაკვდინებელი იყოს. ამის შესახებ Oxford-AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ-ერთმა შემქმნელმა, პროფესორმა სარა გილბერტმა საჯარო ლექციაზე ისაუბრა

მეცნიერი მიიჩნევს, რომ შემდეგი პანდემიისთვის მოსამზადებლად საჭიროა კიდევ უფრო მეტი დაფინანსება, რათა მიღწეული შედეგები არ დაიკარგოს. 

"ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ვირუსი საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს და ჩვენს საარსებო გარემოს. სიმართლე ისაა, რომ შემდეგი შეიძლება უარესიც აღმოჩნდეს. ის შეიძლება იყოს უფრო გადამდები, ან უფრო ლეტალური, ან ორივე ერთად",- თქვა სარა გილბერტმა. 

მისივე თქმით, ომიკრონის შტამის ცილა შეიცავს მუტაციებს, რომლებიც ვირუსის გადაცემას აძლიერებს. 

ის ეჭვობს, რომ ვაქცინები ახალი შტამის მიმართ შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს და ხალხმა უნდა იფრთხილოს, ვიდრე ამის შესახებ მეტი არ იქნება ცნობილი. 

მეცნიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინფიცირებისგან და დაავადების მსუბუქი სიმპტომებისგან დაცვის ხარისხის დასუსტება არ ნიშნავს მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილისგან დაცვის შემცირებას. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში Covid-19-ით 5 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალია საქართველოშიც. Covid-19-მა ჩვენს ქვეყანაში 12 407 ადამიანი იმსხვერპლა.