LIVE

შესაძლოა, საფინანსო სექტორში ესტონური მოდელი 2023 წელსაც არ ამოქმედდეს

26 ნოე 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1313
შესაძლოა, საფინანსო სექტორში ესტონური მოდელი 2023 წელსაც არ ამოქმედდეს

2023 წლიდან საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედება კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლა მთავრობისთვის პრიორიტეტი გაზრდილი დეფიციტის შემცირებაა და საბოლოოდ სწორედ ამ საბიუჯეტო პარამეტრის მიხედვით გადაწყდება, გადავადდება თუ არა საფინანსო სექტორისთვის დაბეგვრის ესტონური მოდელის ამოქმედება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, თუკი საგადასახადო შემოსავლები მთავრობას ამის საშუალებას არ მისცემს, შესაძლოა პროცესი კიდევ ერთხელ გადავადდეს.

„გაზრდილი დეფიციტის გამო საკმაოდ დიდი ფისკალური კონსოლიდაცია გვიწევს. 2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 3%-იანი ნიშნულის ფარგლებში უნდა დავაბრუნოთ. საბიუჯეტო შემოსავლები თუკი მოგვცემს საშუალებას, რომ ამ ნიშნულამდე ჩამოვიდეთ და თან საფინანსო სექტორიც გადავიდეს ე.წ. ესტონურ მოდელზე, მაშინ ამ სექტორისთვისაც ამოქმედდება მოგების გადასახადის რეფორმა. თუ არ იქნება ამის საშუალება, მაშინ კიდევ ერთხელ მოგვიწევს საფინანსო სექტორისთვის დაბეგვრის ახალი მეთოდის გადავადება“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა. აღნიშნული რეფორმის მიხედვით, რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. მაშინ ითქვა, რომ საფინანსო სექტორისთვის აღნიშნული მოდელი 2019 წელს ამოქმედდებოდა, თუმცა მოგვიანებით ამ ვადამ კიდევ ერთხელ, 2023 წლამდე გადაიწია.