მეტროსადგური "გოცირიძე" სავარაუდოდ, 7 თვეში გაიხსნება,- ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, შპს "მამისონთან" ხელშეკრულება გასულ კვირას გაფორმდა და კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 თვეში უნდა დაასრულოს.
"წინა კვირას გაფორმდა ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან, რომელმაც უნდა ჩაატაროს მეტროსადგურ "გოცირიძის" სადგურის რეაბილიტაციისთვის დამატებითი კვლევა. კვლევის საფუძველზე კომპანიამ უნდა დააპროექტიროს და შემდგომ უნდა დაასრულოს სადგურის რეაბილიტაცია, მათ შორის, ბაქანის კონსტრუქციული ელემენტების, კერძოდ, რკინა-ბეტონის წიბოვანი ფილების გამაგრება-გაძლიერება. აღნიშნული სამუშაოებისთვის განისაზღვრა 7 თვე",-აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ სამუშაოების ბოლომდე მისაყვანად შპს "კაიზენთან" ხელშეკრულება გაწყვიტა და ტენდერი მეთერთმეტედ, ორი თვის წინ გამოაცხადა. საქართველოში უცხოური საწარმოს შპს "კაიზენის" ფილიალს სამუშაოები 10 თვის წინ, 2021 წლის იანვარში უნდა დაესრულებინა.
თბილისის მერიის შვილობილმა კომპანიამ ტენდერით გამარჯვებული 2020 წელს გამოავლინა და 3 146 983 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 18 ივნისს გააფორმა - სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო. სახელმწიფო კომპანიამ საქართველოში უცხოური საწარმოს შპს "კაიზენის" ფილიალს სამუშაოების ვადა არაერთხელ, ჯამში 6 თვით გადაუწია და 1.6 მლნ ლარზე მეტიც გადაურიცხა.