LIVE

10 თვეში საბანკო სექტორი 1.76 მლრდ ლარის მოგებაზე გავიდა

25 ნოე 202119:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 904

საბანკო სექტორი მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები რეკორდულ, 1.76 მლრდ ლარის მოგებაზე გავიდნენ.

ეს მაჩვენებელი კი თითქმის 2.5-ჯერ აღემატება სექტორის პანდემიამდელ, 2019 წლის 10 თვის მონაცემებს, როდესაც ბანკების მოგებამ 738 მლნ ლარი შეადგინა.

საბანკო ასოციაციაში რეკორდულ მოგებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. მათ შორის სახელდება გაუმჯობესებული საკრედიტო პორტფელი და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. ამასთან, მომგებიანობის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის შემცირებაა, რომელიც 2020 წელს ბანკებმა ზარალად აღიარეს.

„აღნიშნული მოგების ნაწილი რეალურად წინა წელს მიეკუთვნება, რადგან შარშან რისკები იმაზე მეტად იყო შეფასებული, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკამ რეაბილიტაცია შეძლო. არსებული ფინანსური მაჩვენებლები აჩვენებს, რომ კომერციული ბანკები აღნიშნული კრიზისისთვის მზად იყვნენ და კარგადაც გაუმკლავდნენ. მეორე მხრივ, ბიზნესის ძირითადი სექტორები აღდგა, რჩება მოწყვლადი სექტორებიც, სადაც რესტრუქტურიზაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს, ეს ძირითადად ტურიზმის სექტორს ეხება“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, ოქტომბერში საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების მოცულობა წინა თვესთან შედარებით დაახლოებით მილიარდით, 59.6 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან ერთად სექტორში უმოქმედო სესხების წილი მცირდება. თუკი 2020 წელს ეს მაჩვენებელი 8.5%-ს აჭარბებდა, ამ ეტაპზე მთლიან პორტფელში უმოქმედო სესხების წილი დაახლოებით 6%-მდეა შემცირებული.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2021 წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით, 1.69%-ით გაიზარდა და 41.7 მილიარდი ლარი შეადგინა.