
ევროკავშირის წამლების მარეგულირებელმა სკოლის ასაკის ბავშვებისთვის Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართო გამოყენებას მხარი დაუჭირა. მარეგულირებლის განცხადებით, ვაქცინაციის სარგებელი მის რისკებს აღემატება.
"ევროპის მედიკამენტების სააგენტოს" (EMA) კომიტეტმა 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია ხუთშაბათს გასცა. შედარებით პატარა ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინის ორჯერადი დოზა 12 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების დოზის მესამედს შეადგენს.
მარეგულირებელმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პანდემიის მეოთხე ტალღამ მთელი ევროპა მოიცვა.
ევროპაში პანდემიის ამჟამინდელი ტალღა ბავშვებს სულ უფრო მეტად ეხება. მიუხედავად იმისა, რომ Covid-ი ბავშვებს ისე ძლიერ არ აზიანებს, როგორც მოზრდილებს, ის შესაძლოა მათი მეშვეობით უფრო დაუცველ ადამიანებზე გავრცელდეს.
EMA-ის კომიტეტის რეკომენდაცია ევროკომისიას საბოლოოდ დასამტკიცებლად გადაეგზავნება.
ცნობისთვის, აშშ-ის "სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის" (FDA) ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას მხარი ოქტომბერში დაუჭირა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრესგე