9-10 დეკემბერს დემოკრატიის სამიტზე, რომელიც ვირტუალურად გაიმართება, ბაიდენმა 110 ქვეყანას შორის ტაივანიც მიიწვია.
აშშ-მა ამ გადაწყვეტილებით რეგიონის მთავარი პარტნიორის მიმართ სოლიდარობა აჩვენა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამან შესაძლოა, ჩინეთის გაბრაზება გამოიწვიოს.
ღონისძიების ორგანიზების პირობა ჯო ბაიდენმა გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის დროს დადო. სამიტის მიზანია, თანამოაზრე ქვეყნები კორუფციასთან და ავტორიტარიზმთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით გაერთიანდნენ.
საბოლოო სიაში გამოტოვებულია რამდენიმე, ერთი შეხედვით, ამერიკის პარტნიორი, როგორიცაა თურქეთი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა.
მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სიის ფორმირებაში ყველაზე სარისკო ტაივანის მიწვევა იყო, რადგან რამდენიმე ქვეყანა მის სუვერენიტეტს არ აღიარებს.
ჩინეთი უტევს ქვეყნებს, კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც კუნძულს დამოუკიდებელ სუბიექტად განიხილავენ. სულ ახლახან, მას შემდეგ, რაც ტაივანმა გახსნა დიპლომატიური ოფისი ბალტიისპირეთში, პეკინმა შეამცირა კავშირები ლიტვის მთავრობასთან.
სამიტზე მიწვევამდე ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო კვირებში ძირითადი მოკავშირის მიმართ არაერთი მხარდამჭერი ნაბიჯი გადადაგა. ჩინეთმა ტაივანთან ახლოს სამხედრო ფრენები გაახშირა და ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი შესაძლოა, უახლოეს წლებში ტერიტორიაზე შეჭრისთვის ემზადებოდეს.
ჟუ ფენგლიანმა, ჩინეთის ტაივანის საქმეთა ოფისის სპიკერმა, დღეს განაცხადა, რომ ჩინეთი აშშ-ისა და ტაივანს შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობის წინააღმდეგია. "ეს პოზიცია მკაფიო და თანმიმდევრულია. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, დაიცვას ერთი ჩინეთის პრინციპი და სამი ერთობლივი კომუნიკე",- თქვა სპიკერმა.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ სამიტის დაგეგმვა ბაიდენის ადმინისტრაციის გამოწვევა იყო და ეს ასახულია სტუმრების საბოლოო სიაზეც. გამოცემა წერს, რომ მოწვეულები არიან ბრაზილია, ფილიპინები და პოლონეთი - ქვეყნები, სადაც დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა.
ზოგიერთი ქვეყანა კი მიიწვიეს იმიტომ, რომ მათთვის სტიმული მიეცათ და არა იმიტომ, რომ დემოკრატიული ქვეყნების კატეგორიაში ხვდებიან.
სამიტზე მიწვეულ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. ცნობილია, რომ ღონისძიებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკ ვადამსი