LIVE

აშშ რუსეთთან დაკავშირებულ Transadria-ს Nord Stream 2-ის გამო სანქციებს უწესებს

23 ნოე 202117:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 756
აშშ რუსეთთან დაკავშირებულ Transadria-ს Nord Stream 2-ის გამო სანქციებს უწესებს

შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებულ კომპანია Transadria-ს Nord Stream 2-ის გაზსადენის გამო დამატებითი სანქციები დაუწესა.

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქმედება “შეესაბამება შეერთებული შტატების მუდმივ წინააღმდეგობას Nord Stream 2-ის მილსადენთან და აშშ-ს მთავრობის მიერ 2019 წლის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ევროპის დაცვის აქტის (PEESA) განუხრელ დაცვასთან. დღევანდელი მოქმედებით, ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა რვა პირს და დაასახელა საკუთრებში არსებული 17 გემი, რომლებიც დაიბლოკა PEESA-ს ფარგლებში Nord Stream 2-თან დაკავშირებით”.

უახლესი ნაბიჯი ნიშნავს, რომ სანქციები შეიძლება დაწესდეს მილსადენზე მომუშავე გემებზე, მაგრამ არა იმ რუსულ კომპანიაზე, რომელმაც ისინი დაიქირავა.

“მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია Nord Stream 2-ის მშენებლობის წინააღმდეგია, ვაგრძელებთ მუშაობას გერმანიასთან და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა შევამციროთ მილსადენთან დაკავშირებული რისკები უკრაინასა და ფრონტის ხაზის ქვეყნებში”,- ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

16 ნოემბერს გერმანიამ შეაჩერა Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი, რადგან შვეიცარიაში დაფუძნებულ კონსორციუმს ექსპლუატაციის ლიცენზიის მისაღებად რუსული მილსადენის მიღმა გერმანიაში შვილობილი კომპანიის შექმნა სჭირდებოდა.

შეერთებული შტატები, უკრაინა და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ეწინააღმდეგებიან Nord Stream 2-ის გაზსადენს იმ მოტივით, რომ ეს საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. მილსადენი უკრაინას სატრანზიტო გადასახადების შემოსავლის გარეშე ტოვებს. თუმცა, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის გერმანია მიიჩნევს, რომ მილსადენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად ფასების ზრდის პირობებში.