LIVE

მშპ ერთ სულზე $5 500 - რამდენად რეალისტურია მთავრობის დაპირება

23 ნოე 202115:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 2933

ეკონომისტების ნაწილი საქართველოში 2022 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს $5 500-მდე გაზრდას არარეალისტურად მიიჩნევს.

მათი შეფასებით, მთავრობის ამ გათვლას არაერთი რისკი ახლავს თან. მათ შორის სახელდება ლარის არასტაბილურობა და მომავალ წელს ეკონომიკის მოსალოდნელზე დაბალი ტემპით ზრდა.

„მთავრობის გათვლაა, რომ მომავალ წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 6% იქნება. 2022 წელს უკვე აღარ იქნება დაბალი ბაზისი და ამ მაჩვენებლის მიღწევა, არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, არა მგონია რეალისტური იყოს. ამას ემატება ლარის გაუფასურების რისკიც, არავინ იცის, მომავალ წელს რა ნიშნულზე იქნება ეროვნული ვალუტა. შესაბამისად, მგონია, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს $5 500-ის მიღწევა მომავალი წლის ბოლოსთვის არ იქნება შესაძლებელი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დოლარში გამოსახული ეს მაჩვენებელი რეალურად არც გაზრდილა“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ფინანსისტმა, გიგა ბედინეიშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის გათვლებით, 2022 წლის ბოლოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 65 მლრდ ლარს მიაღწევს, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე არსებული 4 255-დან 5 500 დოლარამდე გაიზრდება.

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ძალიან დამაიმედებელია. ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.