LIVE

აშშ შოპაჰოლიკების ქვეყნად იქცა - ამერიკელებმა ევროპელებივით ცხოვრება უნდა ისწავლონ

28 ნოე 202118:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 189
აშშ შოპაჰოლიკების ქვეყნად იქცა - ამერიკელებმა ევროპელებივით ცხოვრება უნდა ისწავლონ

ზოგადი ცოდნის ნაწილია, რომ აშშ-ს ეკონომიკა ხარჯვის მიმართ ამერიკელების გაუმაძღარ მადაზეა დამოკიდებული. აშშ-ს საყოფაცხოვრებო მოხმარება მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 67%-ს შეადგენს. თუმცა, მოულოდნელად ისე მოხდა, რომ ამერიკელები ვეღარ ხარჯავენ ისე, როგორც ადრე. მაღაზიების თაროები ცარიელდება. სასურველი მანქანის, მაცივრის ან ავეჯის პოვნას შესაძლოა, თვეები დასჭირდეს. თუ ასე გაგრძელდა, ამერიკელებს ცხოვრება ევროპელების მსგავსად მოუწევთ.

ბოლოს და ბოლოს, ამერიკელები ყოველთვის ასე არ იქცეოდნენ. აშშ-ში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება 1990 წლიდან 2015 წლამდე დაახლოებით 65%-ით გაიზარდა. ეს ევროპის დაახლოებით 35%-იან ზრდასთან შედარებით. გერმანიაში კი საოჯახო მოხმარება მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 50%-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელების ხარჯვის ჩვევები პანდემიის დროს შენელდა, ყველა დეფიციტის მიუხედავად, აშშ-ს მოსახლეობა ხარჯვის ძველებურ ტემპს უბრუნდება.

პანდემიამ გლობალური ბაზრის დაუცველობა გამოავლინა. პორტებში შეფერხებები, პირველად მრავალი ამერიკელის ცხოვრებაში, პროდუქტის დეფიციტს იწვევს. საბოლოოდ პორტის პრობლემები, სავარაუდოდ, მოგვარდება. თუმცა, მაინც არსებობს მიზეზები იმის დასაჯერებლად, რომ ჭარბი მოხმარების ერა დასრულდა. ჯერ კიდევ პანდემიამდე, აშშ-ს მთავრობამ ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად მეტი სუბსიდიები და ტარიფები დააწესა. ეს შეიძლება ნიშნავს, რომ მეტი საქონელი დამზადდება ამერიკაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლები ვაჭრობა ნაკლებ მრავალფეროვნებასა და მაღალ ფასებს ნიშნავს.

მოკლედ, უფრო მაღალი ფასების, ეკოლოგიურად შეგნებული მოსახლეობისა და ნაკლები ვაჭრობის ფონზე, ამერიკელებს შესაძლოა, ევროპელების მსგავსად მცირე მოხმარებაზე გადასვლა მოუწიოთ. 

რას ნიშნავს ეს აშშ-ს ეკონომიკისთვის? მოხმარების ევროპული დონე ბუნებრივად თანაარსებობს ეკონომიკური ზრდის დაბალ დონესთან. როგორც ჩანს, აშშ-ს ჭარბი მოხმარება არის ის, რაც ეკონომიკას აძლიერებს. თუმცა, აუცილებელი არაა ეს ასე იყოს. ამერიკა შოპაჰოლიკების, ანუ საყიდლებზე დამოკიდებული ადამიანების ქვეყნად იქცა. გრძელვადიანი, მდგრადი ზრდა ვერ იქნება ჭარბი, არასაჭირო მოხმარების შედეგი. ზრდა მოდის ტექნოლოგიებიდან და ინოვაციებიდან, როცა ახალ პროდუქტები და საქმის კეთების უკეთესი გზები იქმნება. მოხმარებაზე დაფუძნებული ეკონომიკა მდგრადი არაა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალისონ სკრაგერი