კლუბი "ხიდი" გახსნას 3 დეკემბერს გეგმავს. როგორც "ბიზნეს ფორმულას" კლუბის წარმომადგენელმა, სოფო ებრალიძემ განუცხადა, სასცენო ბიზნესი "მწვანე პასპორტის" სისტემაში ჩასართავად მზადაა, თუმცა მისივე თქმით, სექტორს ამ დრომდე არ აქვს მთავრობისგან ზუსტი ინფორმაცია, როდის შეუძლია ფუნქციონირება განაახლოს.
"8 ოქტომბერს გვქონდა საპილოტე ღონისძიება, მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და მთავრობისგან პასუხი, როდის შევძლებთ ფუნქციონირებას, არ გვაქვს. კლუბი "ხიდის" სახელით შემიძლია ვთქვა, რომ 3 დეკემბერს ვაპირებთ გახსნას. მზად ვართ, იმ მკაცრი რეგულაციების ფარგლებში ვიმოქმედოთ, რომელიც უკვე გავტესტეთ",- აცხადებს სოფო ებრალიძე.
მისივე განცხადებით, ბიზნესი მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშეა.
"სხვა გზა არ გვაქვს. თუ არ გავიხსნებით, საბოლოოდ დავიხურებით. 21 თვე გავიდა, რაც დაკეტილები ვართ. გვაქვს ვალები, დაყადაღებულია ანგარიშები. ახლა თუ არ გავიხსნებით, უბრალოდ გავქრებით",- აცხადებს სოფო ებრალიძე.