LIVE

ალიევი და ფაშინიანი დეკემბერში ბრიუსელში შეხვდებიან

20 ნოე 202115:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1147
ალიევი და ფაშინიანი დეკემბერში ბრიუსელში შეხვდებიან

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დეკემბერში ბრიუსელში შეხვდებიან. მოლაპარაკების თემა სასაზღვრო შეტაკებები და დიპლომატიური ურთიერთობები იქნება. 

“ლიდერები შეთანხმდნენ, შეხვდნენ ბრიუსელში, რათა განიხილონ რეგიონული ვითარება და დაძაბულობის დაძლევის გზები სტაბილური სამხრეთ კავკასიისთვის, რასაც ევროკავშირი მხარს უჭერს“, - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპიკერმა.

შეხვედრა 15 დეკემბერს, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გაიმართება. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მიშელმა სატელეფონო მოლაპარაკება გამართა ალიევთან და ფაშინიანთან.

“სატელეფონო საუბრის დროს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, შექმნან პირდაპირი საკომუნიკაციო ხაზი თავდაცვის მინისტრების დონეზე, რომელიც იქნება ინციდენტების პრევენციის მექანიზმი”, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ეს იქნება მესამე პირისპირ მოლაპარაკება სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის მთიან ყარაბაღში 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ. სამხედრო დაპირისპირება რუსეთის შუამავლობით წარმოებული მოლაპარაკების შემდედ გასრულდა. წინა ორი შეხვედრა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით გაიმართა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლებული სასაზღვრო შეტაკებები დაიწყო, რაც ყველაზე სერიოზული დაპირისპირება იყო  მთიანი ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ.

აზერბაიჯანის ცნობით, შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა 16 ნოემბრის ბრძოლებში. შეტაკებებს შედეგად 6 სომეხი სამხედრო ემსხვერპლა, 13 ტყვედ ჩავარდა, ხოლო 24 სამხედრო მოსამსახურის ბედი უცნობია.