LIVE

მეცნიერებმა პირველი კოვიდინფიცირებულის შესახებ ცნობები დააზუსტეს

21 ნოე 202112:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 1187
მეცნიერებმა პირველი კოვიდინფიცირებულის შესახებ ცნობები დააზუსტეს
Source: Getty Images

არიზონას უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაიკლ ვორობეიმ მსოფლიოში პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი განსაზღვრა. 

ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ ინფიცირებული უჰანელი ბუღალტერი იყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მას სიმპტომები თავდაპირველად დასახელებულ თარიღთან შედარებით, რვა დღის დაგვიანებით გამოუვლინდა.  

დაბნეულობის მიზეზი გახდა პირველ ინფიცირებულად მიჩნეული მამაკაცის ავადმყოფობა, რომელიც 8 დეკემბერს სტომატოლოგიური ჩარევის შედეგად განუვითარდა. ცხელება და კორონავირუსით გამოწვეული სხვა სიმპტომები კი მას დაეწყო 16 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც უჰანის ბაზარში რამდენიმე მუშაკს უკვე აღენიშნებოდა ინფექციის ნიშნები. მათ შორის იყო ზღვის პროდუქტების გამყიდველი, რომელსაც სიმპტომები 11 დეკემბერს გამოუვლინდა. ამ დასკვნამდე ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები მივიდნენ. 

ბუღალტერი ბაზრიდან 30 კილომეტრში ცხოვრობდა და მასთან კავშირი არ ჰქონია. ის, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაინფიცირდა, რაც ვირუსმა უჰანში გავრცელება დაიწყო, თქვა მაიკლ ვორობეიმ, არიზონას უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის ხელმძღვანელმა, ტუსონში და კვლევის ავტორმა.

მკვლევარი ვარაუდობს, რომ ინფექციის აფეთქების წყარო ჰუანანის ბაზარი იყო.

მეცნიერებმა SARS-CoV-2-ის წარმომავლობას ჯერ კიდევ ვერ მიაგნეს. განიხილება მისი ლაბორატორიის გაჟონვის ან ცხოველებისგან გავრცელების ვერსიები. 

ვორობეი ამბობს, რომ SARS-CoV-2-სთან დაკავშირებულ ვირუსებზე არ გამოიკვლიეს ძუძუმწოვრები, რომლებიც ჰუანანის ბაზარზე ან უჰანის ნებისმიერ სხვა ცოცხალი ცხოველის ბაზარზე იყიდება. ამასთან, ჰუანანის ბაზარი დაიხურა და დეზინფექცია ჩაუტარდა 1 იანვარს. 

„მიუხედავად ამისა, ადრეული სიმპტომატური შემთხვევების უმეტესობა უკავშირდებოდა ჰუანანის ბაზარს (კონკრეტულად დასავლეთის ნაწილს, სადაც ენოტები იყვნენ გამომწყვდეული), რაც გვაძლევს ძლიერ მტკიცებულებას პანდემიის ცოცხალი ცხოველების ბაზრის წარმოშობის შესახებ“,- თქვა მან.

მეცნიერი მიიჩნევს, რომ ვირუსის წარმომავლობის დადგენა მნიშვნელოვანია მომავალი პანდემიების პრევენციისთვის. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ გეილი