LIVE

Amazon-ი Visa-ს წინააღმდეგ - კომპანია საბარათე გადახდების მზარდ ფასებს ებრძვის

17 ნოე 202120:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 638
Amazon-ი Visa-ს წინააღმდეგ - კომპანია საბარათე გადახდების მზარდ ფასებს ებრძვის
Bloomberg

Amazon.com-ი Visa-ს მიერ დიდ ბრიტანეთში გაცემულ საკრედიტო ბარათებს გადახდის საშუალებად აღარ მიიღებს. შეზღუდვა მომავალი წლიდან ამოქმედდება. ონლაინ გიგანტი ამ ნაბიჯით ცდილობს, საბარათე სისტემების მზარდ საკომისიოებს შეეწინააღმდეგოს.

"ბარათით გადახდებისას ტრანზაქციის საკომისიო კვლავ დაბრკოლებად რჩება ბიზნესებისთვის, რომლებიც ცდილობენ უზრუნველყონ საუკეთესო ფასი მომხმარებლისთვის. ეს ხარჯები ტექნოლოგიური მიღწევების მეშვეობით დროთა განმავლობაში უნდა შემცირდეს, მაგრამ ამის ნაცვლად იგივე რჩება ან იზრდება",- აცხადებს Amazon-ის წარმომადგენელი Visa-ს წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესების შესახებ.

თავის მხრივ, Visa-ში Amazon-ის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები არიან და აღნიშნავენ, რომ როდესაც მომხმარებლის არჩევანი შეზღუდულია, ვერავინ იმარჯვებს.

Amazon-ის მომხმარებლებს კვლავ შეეძლებათ გამოიყენონ Visa-ს სადებეტო ბარათები, ასევე MasterCard-ისა და American Express-ის საკრედიტო ბარათები. კომპანია ასევე არ ზღუდავს Visa-ს საკრედიტო ბარათებს, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ არის გაცემული.

Visa-ს წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, Amazon.com-ი მომხმარებლებს მომდევნო შესყიდვაზე $27-იან ფასდაკლებასაც სთავაზობს, თუ ისინი სადებეტო ან Visa-ს გარდა სხვა საკრედიტო ბარათს გადახდის ძირითად საშუალებად დააფიქსირებენ. ტექნოლოგიურმა გიგანტმა სინგაპურსა და ავსტრალიაში უკვე დააწესა დამატებითი გადასახადი Visa-ს საკრედიტო ბარათებით სარგებლობისთვის.

ბარათების მზარდი საკომისიოები საცალო მოვაჭრეებს, ბანკებსა და გადახდის ქსელებს შორის გადამწყვეტი საბრძოლო წერტილი ხდება. საცალო მოვაჭრეები დიდი ხანია უჩივიან საფასურს, რომელსაც ყოველწლიურად იხდიან ელექტრონული გადახდების მისაღებად. ამ ტიპის გადახდები მხოლოდ აშშ-ში წელიწადში $100 მილიარდს აჭარბებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნადელი და ტომ მეტქაფი