LIVE

10 თვეში $1.9 მილიარდი - ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა

15 ნოე 202114:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 1189
10 თვეში $1.9 მილიარდი - ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში უცხოეთიდან გადმორიცხულმა თანხამ $1.9 მილიარდს გადააჭარბა, რაც აღემატება როგორც პანდემიური 2020 წლის ($1.88 მილიარდი), ასევე 2019 წლის წლიურ მონაცემსაც ($1.7 მილიარდი).

მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა - $337 მილიონი რუსეთიდან გადმოირიცხა (წილი მთლიან გზავნილებში 17.6%). $316 მილიონს გადააჭარბა ფულადი გზავნილების მოცულობამ იტალიიდან (წილი 16.5%). $234 მილიონით მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია (წილი 12%). $201 მილიონი გადმოირიცხა საბერძნეთიდან (წილი 10.5%), ხოლო ისრაელიდან გადმორიცხულმა თანხამ $152 მილიონს გადააჭარბა (წილი 8%).

რაც შეეხება ოქტომბრის მონაცემს, გასულ თვეში საქართველომ $206.7 მილიონის ფულადი გზავნილი მიიღო. TOP-5 ქვეყანა, საიდანაც ოქტომბერში ყველაზე მეტი თანხები გადმოირიცხა შემდეგია:

  • რუსეთი - $36 მილიონი
  • იტალია - $33 მილიონი
  • აშშ - $23.7 მილიონი
  • საბერძნეთი - $19 მილიონი
  • ისრაელი - $15 მილიონი