LIVE

ვაქცინების კვლევაში Pfizer-მა ყველაზე მაღალი დაცვა უზრუნველყო

15 ნოე 202116:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1188
ვაქცინების კვლევაში Pfizer-მა ყველაზე მაღალი დაცვა უზრუნველყო
Bloomberg

ოთხი ვაქცინის შედარებით კვლევაში Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ ყველაზე მეტი ანტისხეულის გამომუშავება შეძლო.

სამეცნიერო ჟურნალ Cell Host and Microbe-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს Pfizer-BioNTech-ის, Sinopharm-ის, AstraZeneca-ს, Sputnik V-ის ვაქცინებით გამომუშავებული იმუნური პასუხი და დაადგინეს, პრეპარატებით მიღებული დაცვის დონე განსხვავებულია. 

ანტისხეულების შედარებით დაბალი ოდენობის გამომუშავება უზრუნველყვეს Sinopharm-მა და Sputnik V-მა. შუალედურ დონედ განისაზღვრა AstraZeneca-ს ვაქცინის შედეგი, ხოლო ყველაზე მეტი ანტისხეული Pfizer-BioNTech ვაქცინით აცრილების ჯგუფში დაფიქსირდა.

განსხვავებული ტიპის ვაქცინებს შორის იმუნური რეაქციების განსხვავების მიზეზები შემდგომი ინტენსიური კვლევის საგანია. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, როგორიცაა თითოეულ დოზაში აქტიური ნივთიერების რაოდენობა და პირველ და მეორე აცრას შორის ინტერვალი.

კვლევაში ჩატარდა ივლისში მონღოლეთში. ის იმ იშვიათ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც ზემოხსენებული ოთხი ვაქცინა გამოიყენება. კვლევაში 196 სრულად აცრილი პირი მონაწილეობდა. 

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის მოსახლეობა, რომელთა 89.2% აცრილია Sinopharm-ის ვაქცინით, პანდემიის ახალი აფეთქების მიმართ მგრძნობიარე იქნება. ამიტომ მისი შემდგომი კონტროლისთვის მონღოლეთსა და მთელ მსოფლიოში საჭირო იქნება მოსახლეობის დამატებითი ვაქცინაცია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ გეილი