მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ გაზარდა და წელს 10%-იან ზრდას ელის.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ $5 500-ს გადააჭარბებს.
„პარლამენტში წარვადგინეთ კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტი. გადაიხედა რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და ჩვენი ვარაუდით, წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზიც და ბიუჯეტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58,4 მლრდ ლარის ნაცვლად, გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58,7 მლრდ ლარის ოდენობით.
რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6%-ს. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 65 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადასცდება 5 500 აშშ დოლარს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა, Galt & Taggart 9.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. "მსოფლიო ბანკის" შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება. წელს "თიბისი კაპიტალი" ეკონომიკის 10.5%-იან ზრდას ელის.