
Galt & Taggart 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 9.5%-მდე ზრდის, რაც ემთხვევა საქართველოს მთავრობის განახლებულ პროგნოზს.
Galt & Taggart აქამდე ეკონომიკის 8.6%-იან ზრდას პროგნოზირებდა. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში წერია, გაზრდილი პროგნოზი მიმდინარე წლის 8 თვის რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს ემყარება.
აღდგენის მიუხედავად, უმუშევრობა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 22.1%-მდე გაიზარდა, რაც 3.8% პროცენტული პუნქტით მეტია 2020 წლის შესაბამის პერიოდზე და თითქმის 4.9 პროცენტული პუნქტით აღემატება პანდემიამდელ 2019 წელს. Galt & Taggart ელის, რომ შრომის ბაზარი პანდემიამდელ პერიოდს 2022 წლიდან დაუბრუნდება, რასაც ტურიზმის აღდგენა შეუწყობს ხელს.
უმუშევრობისგან განსხვავებით მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი წლიურად 15.5%-მდე გაიზარდა, ეს მაჩვენებელი ასევე მაღალია 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამას Galt & Taggart ნაწილობრივ იმით ხსნის, რომ შემცირდა სტუმარ-მასპინძლობის სექტორის დაბალშემოსავლიანი დასაქმებულების წილი საშუალო ხელფასის გამოთვლის კალკულაციაში.
რაც შეეხება ინფლაციას, ანგარიშში წერია, რომ ის შემცირებას 2022 წლიდან დაიწყებს და საშუალოდ 4.1% იქნება.
2021 წლის ბოლოს ლარზე გარკვეულ ზეწოლას ელოდება Galt & Taggart, რაც საახალწლოდ იმპორტის ზრდას უკავშირდება, თუმცა ამის გამო ლარის მკვეთრ რყევებს არ ელის. 2022 წელს Galt & Taggart ლარის გაცვლით კურსს აშშ დოლართან 3-3.15-ის ფარგლებში ვარაუდობს.
Galt & Taggart ვაქცინაციის დაბალ ტემპებზე მიუთითებს იმ ფონზე, როცა მთავრობას მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა აქვს დაგეგმილი წლის ბოლომდე.
"თუ ინფიცირების შემთხვევები კვლავ გაიზარდა არ გამოვრიცხავთ გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, თუმცა ლოქდაუნს არ ველით",- აღნიშნავს Galt & Taggart.