LIVE

მსოფლიო ბანკი: წელს საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება

06 ოქტ 202113:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 959

"მსოფლიო ბანკის" პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 8%-ით გაიზრდება. ბანკმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა.

რაც შეეხება 2022 წელს, "მსოფლიო ბანკის" შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5.5%-მდე შენელდება, ხოლო 2023 წელს 5%-ს მიუახლოვდება. 

ამის შესახებ საუბარია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვაში „კონკურენცია და ფირმების აღდგენა Covid-19-ის შემდეგ“. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სწრაფად 12.7-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდება.

ამის მიუხედავად, ანგარიშში წერია, რომ შრომის ბაზარზე აღდგენის პროცესი ნელია, რადგან უმუშევრობის დონე 22%-მდე რჩება, მაშინ როცა 2020 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 18.3%, ხოლო 2019 წელს კი 17.3% იყო. ამასთან, Covid-19-ის ახალი ტალღები საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესისთვის საფრთხის შემცველია. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებისთვის მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის 26%-ია სრულად აცრილი.

ანგარიშის თანახმად, გამოშვების მოცულობა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ზრდასაც ხელი შეუწყო მოხმარებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანმა მატებამ, 2021 წელს მკვეთრად 5.8%-ით გაიზრდება, სადაც საქართველოს წამყვანი პოზიცია ენიჭება 8%-იანი აღმავლობით.

“სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში 2020 წლის შოკის შემდგომი აღმავლობა ძალას იკრებს, რასაც ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის ზრდა და სავაჭრო პარტნიორების მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა, მზარდი ინფლაციის და შრომის ბაზრის სუსტი მაჩვენებლების პირობებში, ვაქცინაციის ტემპის ამაღლება კრიტიკულ პრიორიტეტად რჩება. გარდა ამისა, მდგრადი აღდგენა „მწვანე“, ურყევი და ინკლუზიური უნდა იყოს. სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებულ რეფორმებს, ადამიანური რესურსების გაუმჯობესებას და ინოვაციების თუ ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობას შეუძლია პროდუქტიულობის ამაღლება, ხოლო ეკონომიკური ბუფერების აღდგენა და კლიმატის ცვლილებისათვის მზადყოფნა ეკონომიკური ზრდის სიმტკიცეს უზრუნველყოფს“,- განაცხადა "მსოფლიო ბანკის" რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზე დაგეგმა, ხოლო 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-მდე გაზარდა.