LIVE

ტურისტული შემოსავლების 34% აღდგა - TBC Capital

05 ნოე 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 890
ტურისტული შემოსავლების 34% აღდგა - TBC Capital

2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 1 188 234 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის იმავე პერიოდში ჩამოსული ვიზიტორების, მხოლოდ 20%-ია. როგორც „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული, 2021 წლის სექტემბერში, 2019 წლის იმავე პერიოდში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობის 28.9% აღდგა.

სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ჩამოვიდა (ჯამური რაოდენობის 15%). აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბერში თურქეთის წილი 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 14%-ს გაუტოლდა.

ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორების წილმა 3% შეადგინა. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა (8%) და უკრაინის (10%) წილი. 11%-მდე გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების წილიც.

საერთო ჯამში, საერთაშორისო ვიზიტორებში მეზობელი ქვეყნების წილი 41%-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია ასევე, რომ იანვარ-სექტემბeრში, 2019 წლის შესაბამისი პერიოდის ტურისტული შემოსავლების 34% უკვე აღდგენილია.

2021 წლის სექტემბრში 62% შეადგინა და 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს გადააჭარბა სასტუმროების დატვირთულობამ კახეთში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასტუმროებში საშუალო დღიური ფასი 23%-ით ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებელს.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, წელს 2019 წელთან შედარებით ტურიზმის შემოსავლები 50%-ით აღდგენილიყო. 2019 წელს კი საქართველომ ტურიზმიდან ჯამში 3.2 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო.