LIVE

წლის ბოლომდე ლარის კურსი 3.1-3.2-ის ფარგლებში იქნება - Galt & Taggart

29 ოქტ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1853

Galt & Taggart-ის კვლევითი დეპარტამენტის უფროსის, ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, სავალუტო ნაკადების აღდგენისა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გათვალისწინებით, ლარის კურსი წლის ბოლომდე 3.1-3.2-ის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება ლირას რეკორდული გაუფასურების გავლენას ლარზე, ბოჭორიშვილის შეფასებით, მსჯელობა, რომ ლირას გაუფასურება ლარს უნდა აუფასურებდეს არასწორია.

„საქართველოში არის მოლოდინი, რომ ლირას გაუფასურება ლარის გაუფასურებას უნდა იწვევდეს, ეს მცდარია, მაგრამ მაინც ახდენს გავლენას არასწორი მოლოდინებით და არა ფინანსური არხებით. როდესაც ბაზარზე სიტუაცია მყიფეა, დამატებითი ნეგატიური ნიუსი ლირის გაუფასურების შესახებ სწრაფად აისახება. დღესდღეობით საქართველოში სავალუტო ნაკადები აღდგენას განაგრძობს, რეგიონის სხვა ვალუტებიც სიმყარეს ინარჩუნებენ, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე, ეროვნული ბანკის გაცხადებული პოზიცია, რომ მზადაა ჩაერიოს, ეს ყველაფერი ამშვიდებს ბაზარს“,- აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას.

ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების მიზეზად წარსულში არაერთხელ დაუსახელებია ლირას გაუფასურება. მიმდინარე ეტაპზე კი იმ ფაქტს, რომ ლირას გაუფასურება ლარზე არ აისახა სებ-ის პრეზიდენტი სხვა პარტნიორების ვალუტების გამყარებით ხსნის.

"თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და რა თქმა უნდა ყოველთვის მნიშვნელობა აქვს რა ხდება მის ვალუტასთან დაკავშირებით. თუმცა, როდესაც ასეთ ანალიზს ვაკეთებთ არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ ერთ ფაქტორს. თუკი დღეს არსებულ სიტუაციას შევხედავთ, ლირას გაუფასურება ჩვენი სხვა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გამყარებით ბალანსდება“,- აცხადებს კობა გვენეტაძე.

ცნობისთვის, თურქული ლირა ოქტომბერში რეკორდულად გაუფასურდა და ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 9.6 ლირას აჭარბებს. პარალელურად ლარის კურსი შედარებით სტაბილურობით გამოირჩევა. მესამე კვარტალში ლარი წინა კვარტალთან შედარებით დოლარის მიმართ 6%-ით, ხოლო ევროსთან 8%-ით გამყარდა.