LIVE

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიიდან ამოვარდა

02 ივნ 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 8578
ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიიდან ამოვარდა

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში აღარ იძებნება.  

Bloomberg-ის სიის მიხედვით, ერთადერთი ქართველი მილიარდერი გუშინ $5.92 მილიარდით 495-ე ადგილზე იყო. დღეს ამავე სიაში ყველაზე ბოლო, 500-ე ადგილს $5.93 მილიარდით ამერიკელი პატ სტრაიკერი იკავებს

სიაში სხვა მილიარდერების ქონების მატების ხარჯზე, ბოლო პერიოდში ივანიშვილი სიის ბოლოსკენ სწრაფად მიიწევდა. 20 მაისს მან Bloomberg-ის მილიარდერების სიის ბოლო ათეულში გადაინაცვლა

9 აპრილს "ბიზნეს ფორმულა" წერდა, რომ ივანიშვილი $5.82 მილიარდით 480-ე ადგილზე იყო, მაშინ როდესაც 2020 წლის ანალოგიურ დროს 339-ე ადგილს იკავებდა

Forbes-ის რეიტინგით კი ივანიშვილის ქონება $4.8 მილიარდით ფასდება. 

2021 წლის იანვარში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებდა, დანარჩენ ქონებას კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. ამასთან, მაშინ მილიარდერმა აღნიშნა, რომ Bloomberg-ისა და Forbes-ის მონაცემები რეალობისგან განსხვავდება, რადგან Forbes-თან მას დიდი ხანია არ უთანამშრომლია, Bloomberg-თან თანამშრომლობის გამოცდილება კი საერთოდ არ აქვს. 

განახლება: 3 ივნისს ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში დაბრუნდა და ბოლო, მე-500 ადგილი დაიკავა. 4 ივნისის მონაცემებით, $5.92 მილიარდით, ის 497-ე ადგილზეა.