LIVE

ჯანმომ Innovax-ის პაპილომავირუსის ვაქცინა დაამტკიცა

27 ოქტ 202116:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 916
ჯანმომ Innovax-ის პაპილომავირუსის ვაქცინა დაამტკიცა
Joe Raedle/Getty Images

ჩინეთის Beijing Wantai Biological Pharmacy Enterprise-ს საშვილოსნოს ყელის კიბოს ვაქცინას "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) პრეკვალიფიკაცია მიენიჭა. 

პრეპარატი Wantai-ის შვილობილმა კომპანია Xiamen Innovax Biotech-მ შექმნა და ის ეფექტურია ადამიანის პაპილომავირუსის ორი ყველაზე საშიში სახეობის წინააღმდეგ, რომელსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვევა შეუძლია. 

ჯანმოს აღიარება უკვე მე-6 ჩინურმა ვაქცინამ მოიპოვა. სამედიცინო პროდუქტების ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ფაქტი ხაზს უსვამს ქვეყანაში ვაქცინის კვლევისა და წარმოების ხარისხს. 

ვაქცინა ჩინეთში 2019 წლის ბოლოს დამტკიცდა. WHO-ს აღიარება ახლა მას გზას საერთაშორისო ბაზარზე გაუხსნის და რაც მნიშვნელოვანია, განვითარებად ქვეყნებში ვაქცინაზე წვდომა გაიზრდება. 

დამტკიცების შემდეგ, ვაქცინის შეძენას საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ვაქცინების ალიანსი Gavi და გაერთიანებული ერების სხვა სააგენტოები შეძლებენ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ჩინური ვაქცინა კონკურენციას გაუწევს დასავლურ ბრენდებს, მათ შორის GlaxoSmithKline-ს Cervarix-სა და Merck & Co.-ის ყველაზე გაყიდვად ვაქცინა Gardasil-ს, რომელიც ეფექტურია პაპილომავირუსის ცხრამდე სეროტიპის წინააღმდეგ. მხოლოდ Gardasil-მა გასულ წელს თითქმის $4 მილიარდიანი შემოსავალი მოიტანა.

პაპილომავირუსის ვაქცინაზე Walvax და ინდოეთის სერუმის ინსტიტუტიც მუშაობენ და WHO-ს დამტკიცებას ელიან. 

WHO-ს აქვს ამბიციური მიზანი, რომ აღმოფხვრას საშვილოსნოს ყელის კიბო და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, გოგონების 90% სრულად აცრან 15 წლამდე.

ვაქცინების დეფიციტის გამო, Gavi-მ ვერ შეასრულა 2020 წლისთვის დასახული მიზანი. 40 მილიონი გოგონას აცრის ნაცვლად, მხოლოდ 14 მილიონის ვაქცინაცია მოხერხდა, თუმცა ახლა პრეპარატზე წვდომის გაზრდის გამო, ორგანიზაცია მომდევნო ხუთ წელიწადში 84 მილიონის აცრას ისახავს მიზნად. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია