LIVE

ბიუროკრატიული ხარჯები მნიშვნელოვნად არც 2022 წელს იცვლება - IDFI

26 ოქტ 202115:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 629
ბიუროკრატიული ხარჯები მნიშვნელოვნად არც 2022 წელს იცვლება - IDFI

2022 წელს ბიუროკრატიული ხარჯების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანახმად, ქვეყანაში არსებული ბიუროკრატიული აპარატი არაოპტიმალურია და სათანადო რეფორმირების გარეშე შეუძლებელია, ბიუროკრატიული ხარჯების ეკონომიკურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა და კონკურენტუნარიანი საჯარო სამსახურის შენარჩუნება.

IDFI-ის ანალიზის თანახმად, 2022 წელს შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდა გათვალისწინებულია 17 მილიონი ლარით და და 1.65 მილიარდ ლარს აღწევს. შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირება მხოლოდ 5 უწყებაშია დაგეგმილი. 2022 წელს ყველაზე დიდი ზრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იგეგმება, სადაც წლიურად 6.2 მილიონი ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხები, ასევე, შრომის ანაზღაურების ხარჯები 5.8 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, 107-ით იზრდება და 112 712 პირს შეადგენს. 2022 წლისთვის მომუშავეთა რიცხოვნობის ყველაზე დიდი ზრდა საერთო სასამართლოებსა (+79) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (+53) იგეგმება.

IDFI-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ხარჯები ყოველწლიურად იზრდება, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საჯარო მოსამსახურეთა სათანადო ანაზღაურების უზრუნველყოფა. 

ამასთან, მომდევნო წელს საქონლისა და მომსახურების მუხლით მოსალოდნელი ხარჯები მცირდება 255 მილიონი ლარით, რაც უმეტესწილად დაკავშირებულია პანდემიასთან ბრძოლის (საკარანტინე მომსახურება და სხვა) ხარჯების შემცირებასთან და ნაკლებადაა კავშირში კლასიკური ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციასთან.