
ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთზე დომინირების სტრატეგია გაასაჯაროვა.
„შეერთებული შტატების სტრატეგია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის“, რომელსაც დონალდ ტრამპმა 2018 წელს მოაწერა ხელი და რომელიც ჩინეთის საპირწონედ, მათ შორის, ინდოეთის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ-ს ქმედებების „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ სახელმძღვანელოს“ წარმოადგენდა.
დოკუმენტის გასაჯაროების მიზანი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის თავისუფალებისადმი" ამერიკის ერთგულების წარმოჩენა იყო, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, რობერტ ობრაიენმა.
"პეკინი ინდო-წყნარი ოკეანის ერებზე ზეწოლას ზრდის, რომ მათი თავისუფლება და სუვერენიტეტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხედვას შეეწიროს"- აცხადებს ობრაიენი-"ამერიკის მიდგომა სხვაგვარია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა და პარტნიორებმა - ყველამ, ვინც თავისუფალი რეგიონის ხედვასა და ფასეულობას იზიარებს-შეინარჩუნოს და დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი".
დოკუმენტში წარმოდგენილი ხედვის თანახმად, რეგიონში ჩრდილოეთ კორეა საფრთხეს აღარ წარმოადგენს, სამხრეთ აზიაში ინდოეთია დომინანტი და აშშ მუშაობს პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ჩინეთის მხრიდან სუვერენიტეტის იძულებითი დათმობის მცდელობებს. დოკუმენტში ჩანს მოლოდინი, რომ ტაივანის შემოერთებისთვის ჩინეთი „სულ უფრო მკაცრ“ ნაბიჯებს გადადგამს. დოკუმენტში, ასევე, საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტიდან მომდინარე საფრთხეებზე, რომელიც „სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენებს თავისუფალ საზოგადოებებს“.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის თანამდებობაზე მოსვლამდე მხოლოდ ერთი კვირით ადრე დოკუმენტის გამოქვეყნება ტრამპის ადმინისტრაციის მოტივების შესახებ ბევრ კითხვას აჩენს, აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან მიმართებაში ამერიკის პოლიტიკა ძირითადად ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობდა. ბაიდენის მომავალმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უკვე ისაუბრეს ჩინეთთან დაკავშირებით მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მეტი მუშაობის აუცილებლობაზე, რაც სტრატეგიის მთავარი ნაწილიცაა, განსაკუთრებით ავსტრალიასთან, იაპონიასთან და ინდოეთთან უსაფრთხოების კავშირების განმტკიცებაზე.
ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის უსაფრთხოების კოლეჯის პროფესორი, რორი მედკალფი ამბობს, რომ დოკუმენტი ჩინეთის წინააღმდეგ ალიანსის გაძლიერებაზეა მიმართული. თუმცა, ის აღნიშნავს, სტრატეგია იმდენად ამბიციურია, რომ მისი წარუმატებლობა თითქმის გარანტირებულია ისეთ საკითხებში, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეის განიარაღება, რეგიონში პირველობის შენარჩუნება და ჩინეთის მავნე ეკონომიკური პრაქტიკის შესახებ საერთაშორისო კონსენსუსის ჩამოყალიბება. "თუ აშშ სერიოზულად აპირებს ამდენად გრძელვადიან მეტოქეობას, მან დრო არ უნდა დაკარგოს ჯერ საშინაო საკითხების მოგვარებაზე და მერე რეგიონში ძალის დემონსტრირებაზე. მან ორივე ერთდროულად უნდა გააკეთოს" მიიჩნევს მედკალფი.
ანგარიშის ძირითადი პუნქტები:
ჩინეთი
- ქვეყანა „ცდილობს დაშალოს აშშ-ს ალიანსები რეგიონში. ჩინეთი შესუსტებული კავშირების შედეგად შექმნილ ვაკუუმსა და შესაძლებლობას გამოიყენებს.
- „ჩინეთი ცდილობს უპირატესობა მოიპოვოს მოწინავე ტექნოლოგიებზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტსა და ბიოგენეტიკაზე და ისინი ავტორიტარიზმის გასაძლიერებლად გამოიყენოს. ამ ტექნოლოგიებში ჩინეთის დომინირება სერიოზულ გამოწვევებს შეუქმნის თავისუფალ საზოგადოებებს“.
- „ჩინეთი გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს ტაივანთან გაერთიანების მისაღწევად“.
- იმოქმედეთ ჩინეთის მტაცებლური ეკონომიკური პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რომელიც ყინავს საგარეო კონკურენციას, ძირს უთხრის აშშ-ს ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას და ხელს უწყობს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ 21-ე საუკუნის ეკონომიკაში დომინირებისკენ სწრაფვას.
- უზრუნველყავით საერთაშორისო კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ჩინეთის ინდუსტრიული და სავაჭრო პოლიტიკა აზიანებს გლობალურ სავაჭრო სისტემას.
- მჭიდროდ ითანამშრომლეთ მოკავშირეებთან და პარტნიორ ქვეყნებთან, რათა ჩინეთმა არ გააძლიეროს სამხედრო და სტრატეგიული შესაძლებლობები.
ინდოეთი
- სასურველი შედეგი: „უსაფრთხოების საკითხებში ინდოეთი აშშ-ს სასურველი პარტნიორია. ისინი ერთად მუშაობენ საზღვაო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ჩინეთის გავლენის საწინააღმდეგოდ სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ორმხრივი ინტერესის სხვა რეგიონებში“.
- ინდოეთი რჩება ლიდერად სამხრეთ აზიაში და წამყვან როლს ასრულებს ინდოეთის ოკეანეში უსაფრთხოების დაცვაში.
- დააჩქარეთ ინდოეთის შესაძლებლობის ზრდა, როგორც ქსელური უსაფრთხოების სერვისის მიმწოდებლი და თავდაცვის მთავარი პარტნიორი. განმტკიცდეს ძლიერი სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობა ინდოეთთან.
- ახალი პარტნიორების შესაძლებლობების გაზრდა სამხრეთ აზიაში, მალდივის, ბანგლადეშის და შრი-ლანკის ჩათვლით, რათა ხელი შეუწყონ თავისუფალ და ღია რეგიონულ წესრიგს.
ჩრდილოეთ კორეა
- მიზანი: კიმის რეჟიმის დარწმუნება, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა ბირთვულ იარაღზე უარის თქმაა.
- ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო, სამართალდამცავი, სადაზვერვო და საინფორმაციო საშუალებებით მაქსიმალურად გაიზარდოს ზეწოლა ფხენიანზე მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამის შესასუსტებლად. სავალუტო ნაკადების ბლოკირება, რეჟიმის შესუსტება და მოლაპარაკებებისთვის ნიადაგის შექმნა, რათა კიმ ჩენ ინმა შეცვალოს ბირთვული სარაკეტო პროგრამები, რომლებიც საბოლოოდ გამოიწვევს ნახევარკუნძულის სრულ, გადამოწმებად და შეუქცევად დენუკლერიზაციას.
- ეს უნდა გაკეთდეს შემდეგი გზით: (1) დაეხმარეთ სამხრეთ კორეასა და იაპონიას მოწინავე, რეგულარული სამხედრო ძალების შეძენაში; (2) ხელი შეუწყვეთ სამხრეთ კორეისა და იაპონიის დაახლოებას.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ფილიპ ჯ. ჰეიმანი და იენ მარლოუ