LIVE

რუსეთში დენთის ქარხანაში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა

22 ოქტ 202119:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 977
რუსეთში დენთის ქარხანაში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა
Ministry of Emergency Situations press service via AP

სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა რუსეთში, დენთის ქარხანაში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, რიაზანის რეგიონში მდებარე ქარხანაში ხანძარი “ტექნოლოგიური პროცესის” შედეგად გაჩნდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია შვიდი ადამიანის დაღუპვის შესახებ, მაგრამ პარასკევს დილით დაღუპულთა რიცხვი თექვსმეტამდე გაიზარდა. მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე 170-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ალექსანდრე ჩუპრიანი.

ქარხანა, სადაც აფეთქება მოხდა, სპეციალიზირებულია სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაზე სამოქალაქო გამოყენებისთვის. ქარხანას აქვს საბრძოლო მასალის “საწარმოო ობიექტიც”.

რუსეთის მთავრობა ქარხანას “სტრატეგიულ საწარმოდ” განიხილავს და ეკუთვნის სახელმწიფო კონგლომერატს Rostec-ს, რომელიც რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. ისინი აწვდიან სამრეწველო და მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს სამოქალაქო და სამხედრო სექტორებს.

ოფიციალური პირები შესაძლო მიზეზებად უსაფრთხოების პროცედურების დარღვევას ან მოკლე ჩართვას ასახელებენ.

უბედური და ფატალური აფეთქებები რუსეთში ხშირია დანგრეული ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების არაადეკვატური სტანდარტების გამო. 2020 წლის დეკემბერში ურალის მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. იმავე წლის დასაწყისში ტომსკსა და მოსკოვში, მიგრანტთა თავშესაფრებში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო წლების ყველაზე საშინელი ხანძარი 2018 წელს მოხდა, როდესაც სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა. შენობას არ ჰქონდა სიგნალიზაცია და საევაკუაციო გასასვლელი.