LIVE

Pfizer-ის ბუსტერი Covid-ისგან დაცვას სრულად აღადგენს - კვლევა

21 ოქტ 202119:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 607
Pfizer-ის ბუსტერი Covid-ისგან დაცვას სრულად აღადგენს - კვლევა

კვლევის თანახმად, Pfizer-ის გამაძლიერებელმა დოზამ აღადგინა სრული დაცვა, რაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამყარებს ვაქცინის ბუსტერის გამოყენების არგუმენტს.

გამაძლიერებელი დოზა 95,6%-ით ეფექტური იყო სიმპტომური Covid-ის წინააღმდეგ 16 წლის და უფროსი ასაკის 10 000 ადამიანის კვლევაში, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. სწრაფი გავრცელების დელტა ვარიანტი იყო დომინანტური შტამი კვლევის პროცესის დროს.

კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ Pfizer-ის აქციები 0,7%-ით გაიზარდა, ხოლო BioNTech-ის 1,8%-ით.

“გვჯერა, რომ გამაძლიერებლებს აქვთ გადამწყვეტი როლი პანდემიით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხესთან გამკლავებაში”,- განაცხადა Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ. კომპანიები გაუზიარებენ მონაცემებს შეერთებული შტატების, ევროპისა და სხვა ქვეყნების ჯანდაცვის ორგანოებს.

მარეგულირებელი ორგანოები ცდილობენ გადაწყვიტონ, რამდენად ფართოდ გამოიყენონ გამაძლიერებლები, რადგან დელტა ვარიანტი ზრდის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს. ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა ისრაელი, ფართოდ იყენებს გამაძლიერებლებს. ბევრი სხვა ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები და ევროპის დიდი ნაწილი, ჯერჯერობით მესამე დოზას ხანდაზმულთათვის და მაღალი რისკის მქონე პირთათვის იყენებს. მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების განსაზღვრა ასევე საკამათო საკითხია.

"კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რევაქცინაციამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს პანდემიის შეკავებასა და ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებაში”, - განაცხადა უგურ საჰინმა, BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

კვლევის მონაწილეებმა გამაძლიერებლები დოზა სრული ვაქცინაციიდან საშუალოდ 11 თვის შემდეგ მიიღეს. მესამე ინექციის ეფექტურობა მსგავსი იყო ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

FDA-მ მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ ხანდაზმულებს ან მაღალი რისკის მქონე პირებს, რომლებმაც მიიღეს Moderna-ს ვაქცინა, შეუძლიათ მიიღონ დამატებითი დოზა, ისევე როგორც ყველა მოზრდილმა, ვინც მიიღო J&J ვაქცინის ერთი დოზა. სააგენტომ მხარი დაუჭირა შერეულ გამაძლიერებლებს და განაცხადა, რომ ნებისმიერი ხელმისაწვდომი Covid ვაქცინის გამოყენებაა შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ვაქცინა მიიღო პირმა პირველად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრესგე