LIVE

ნარმანია: ტარიფები არ გაიზრდება

21 ოქტ 202113:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 648
ნარმანია: ტარიფები არ გაიზრდება

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფი არ გაიზრდება.

„ტარიფის რაიმე სახით მატებას, ამ ეტაპზე არ ველოდებით. ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ტარიფები დადგენილია. ელექტროენერგიის ტარიფი დამტკიცებულია ამ წლის ბოლომდე და მისი გადამტკიცება მოხდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ტარიფები არ შეიცვლება“,- განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების საკითხს, ნარმანიას განმარტებით, გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების წესში და დიდი ალბათობით, მომდევნო წლიდან მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფებისთვის მოხდება სუბსიდირება.

„აქამდეც მიდიოდა მოწყვლადი მომხმარებლის სუბსიდირება. შარშან როცა 3.5 თეთრით გავზარდეთ ტარიფი ის სრულად დაასუბსიდირა მთავრობამ, ახლა მთავრობა მუშაობს წესზე, რომ დასუბსიდირდეს მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფები“,- აცხადებს ნარმანია.

სემეკმა ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფები 5 წლით დაამტკიცა. კერძოდ, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგია 3.5 თეთრით, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის საშუალოდ 12 თეთრით გაძვირდა. თუმცა გაზრდილი ტარიფის გადახდას აბონენტები მომდევნო წლიდან დაიწყებენ, რადგან მთავრობამ წელს მოსახლეობისთვის და ბიზნესის ნაწილისთვის ტარიფებს შორის სხვაობა დაასუბსიდირა.