LIVE

ვლადიმერ პუტინი კრიპტოვალუტებით გადახდებს მხარს უჭერს

14 ოქტ 202115:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1554
ვლადიმერ პუტინი კრიპტოვალუტებით გადახდებს მხარს უჭერს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრიპტოვალუტების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. კრიპტოვალუტები მსოფლიოს მარეგულირებლების სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობენ იმის შიშით, რომ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფულის გათეთრებისა და დანაშაულებრივი საქმიანობისთვის.

"კრიპტოვალუტას აქვს არსებობის უფლება და შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც გადახდის საშუალება“,- თქვა პუტინმა CNBC-სთან ინტერვიუში, რომელიც კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თუმცა, პუტინის შეფასებით, ნაადრევია საუბარი ციფრული ვალუტის გამოყენებაზე ნავთობით და სხვა საქონლით ვაჭრობისთვის, რომლებიც რუსეთის ექსპორტის დიდ ნაწილს შეადგენენ.

რუსეთი დოლარებით ვაჭრობის ალტერნატივას მას შემდეგ ეძებს, რაც 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთს ფინანსური სანქციები დაუწესდა. პუტინმა შეერთებული შტატები ვალუტის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.

კრიპტოვალუტის მომხრეები ამტკიცებენ, რომ დეცენტრალიზებული ფული საბოლოოდ ჩაანაცვლებს ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებულ ვალუტებს.

რუსეთის ბანკმა ინვესტორები კრიპტოვალუტის ბაზრის უკიდურესი არასტაბილურობის შესახებ არაერთხელ გააფრთხილა. ამ ეტაპზე ციფრული ვალუტების გადახდის საშუალებად გამოყენება ქვეყნის შიგნით აკრძალულია. თუმცა, Interfax-ის ცნობით, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ალექსეი მოისეევმა განაცხადა, რომ არ არის დაგეგმილი ჩინეთის მსგავსი აკრძალვის შემოღება.

პუტინის ტოლერანტობა კრიპტოვალუტის მიმართ აშკარაა, რადგან თეთრი სახლი განიხილავს ფართო ინიციატივას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში კრიპტოვალუტის პოლიტიკის გადახედვისა და კოორდინირების მიზნით, რამაც შეიძლება ახალი რეგულირების მიღება გამოიწვიოს. ჩინეთმა მიმდინარე წელს მიიღო მკაცრი ზომები ინდუსტრიის წინააღმდეგ და სექტემბერში აკრძალა ყველა კრიპტო გარიგება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიკ რუდნიცკი