LIVE

Apple-ი iPhone-ის წარმოებას ამცირებს

13 ოქტ 202119:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 920
Apple-ი iPhone-ის წარმოებას ამცირებს
Bloomberg

Apple-ი სავარაუდოდ, iPhone 13-ის წარმოებას 2021 წლისთვის 10 მილიონ ერთეულით შეამცირებს. წარმოების შეფერხება ჩიპების გლობალურ დეფიციტს უკავშირდება.

კომპანია მიმდინარე წლის ბოლო სამ თვეში 90 მილიონი ახალი iPhone-ის გამოშვებას გეგმავდა. ახლა Apple-ი მწარმოებლებს ეუბნება, რომ წარმოება საერთო ჯამში უფრო დაბალი იქნება, რადგან Broadcom-ი და Texas Instruments-ი კომპონენტების მიწოდებაში შეფერხდნენ.

ტექნოლოგიური გიგანტი ჩიპების ერთ-ერთი უდიდესი მყიდველია მსოფლიოში და ელექტრონიკის მიწოდების ჯაჭვისთვის ყოველწლიურ რიტმს ადგენს. თუმცა, Apple-ი მიწოდების იმავე გარღვევებს აწყდება, რაც მთელ მსოფლიოში იწვევს ქაოსს. ჩიპების მსხვილმა მწარმოებლებმა უკვე გააფრთხილეს დამკვეთები, რომ მოთხოვნა მიწოდებას სავარაუდოდ, შემდეგ წლებშიც გადააჭარბებს.

დეფიციტმა Apple-ის პროდუქტის მიწოდების ეფექტიანობაზე გავლენა უკვე მოახდინა. მიუხედავად ამისა, წლის ბოლო კვარტალი სავარაუდოდ, Apple-ისთვის გაყიდვების მხრივ ყველაზე ინტენსიური იქნება. პროგნოზის მიხედვით, კომპანია $120 მილიარდს მიიღებს შემოსავლის სახით. ეს 7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და ასევე აჭარბებს კომპანიის 10 წლის წინანდელ მთლიან წლიურ შემოსავალს.

Apple-ის პრობლემები ცხადყოფს, რომ ტექნოლოგიური სამყაროს მთავარი მოთამაშეც კი არ არის დაცული პანდემიით გამოწვეული გლობალური დეფიციტისგან. iPhone-ის ხელმისაწვდომობის შემცირების გარდა, კომპანია ასევე Apple Watch Series 7-ის და სხვა პროდუქტების წარმოების პრობლემების წინაშეც დგება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დები ვუ