
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია Dayone - სტარტაპი, რომელიც ლუდომანებს (თამაშდამოკიდებულება) რეაბილიტაციაში დაეხმარება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ Dayone-ს დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ განუცხადა, ონლაინ პლატფორმის საპილოტე პორტალი მაქსიმუმ ერთ თვეში გაეშვება.
„ეს იქნება ერთგვარი სარეაბილიტაციო ცენტრი, ოღონდ არა ფიზიკური, არამედ პორტალი, რომელზეც გარკვეული საფასურად ლუდომანიისგან განკურნების ყველა მსურველს ექნება წვდომა. მომსახურებაში შედის როგორც სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები, ასევე ფსიქოთერაპიის ინდივიდუალური და ჯგუფური კურსები. თავდაპირველად პორტალი მხოლოდ ქართულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენი უპირატესობა ფიზიკურ ცენტრებთან შედარებით ისაა, რომ ვაიაფებთ სერვისს და უკეთაა დაცული ანონიმურობა. ვგეგმავთ, რომ ახლო მომავალში დსთ-ს ქვეყნებიც მოვიცვათ, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ ამ სივრცეში ლუდომანებს დაახლოებით ისეთივე მენტალიტეტი აქვთ როგორც საქართველოში. ჩვენ გეგმებშია ევროპული და ამერიკული ბაზარიც“,- აცხადებს გუგა ბესელია.
მისი თქმით, საქართველოში ლუდომანების, ანუ თამაშდამოკიდებულების რაოდენობა 300 ათასს აჭარბებს და ერთი წლის თავზე პორტალს 10 ათასამდე მომხმარებელი ეყოლება.