Pandora Papers-ის სახელით ცნობილი ფინანსური დოკუმენტების უპრეცედენტო გაჟონვამ გამოავლინა, თუ როგორ სარგებლობენ მდიდარი და გავლენიანი ფიგურები ოფშორული კომპანიებითა და საგადასახადო თავშესაფრებით.
11,9 მილიონზე მეტ კონფიდენციალურ დოკუმენტს შორის, მსოფლიო ლიდერებთან და მონარქებთან ერთად, მოხვდნენ მუსიკოსები და ფეხბურთის ვარსკვლავებიც.
Pandora Papers-ის დოკუმენტებში მოხვდა კოლუმბიელი მომღერალი შაკირა. 2019 წელს მომღერალმა, სავარაუდოდ, გახსნა სამი ოფშორული კომპანია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. კომპანიები ესპანეთში შაკირას მონაწილეობით საგადასახადო თაღლითობის გამოძიების პარალელურად შეიქმნა.
შაკირას წარმომადგენლებმა ესპანურ გაზეთ El Pais-ს განუცხადეს, რომ კომპანიები 2001 წელს გაიხსნა და რომ ესპანეთის ხელისუფლება ინფორმირებული იყო მათი არსებობის შესახებ. მათ ასევე დაამატეს, რომ მომღერალი კომპანიების ლიკვიდაციის პროცესშია.
ესპანური ხელისუფლების არიდებაში ბრალდებული კიდევ ერთი ცნობილი სახე Manchester City-ის მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა. გამოძიებამ აჩვენა, რომ ესპანელი მენეჯერი 2012 წლამდე იყენებდა ანდორაში გახსნილ საბანკო ანგარიშს და პანამის კომპანიას, რათა გადასახადები თავიდან აეცილებინა.
Pandora Papers-ში მოხვედრილთა სიაში ასევე არიან Beatles-ის ყოფილი დრამერი რინგო სტარი და მისი თანამემამულე ელტონ ჯონი.
ასევე, დოკუმენტების მიხედვით, ესპანელმა მომღერალმა ხულიო იგლესიასმა 1995 წლიდან ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 20-ზე მეტი კომპანია შექმნა. მისი ოფშორული აქტივები აშშ-ში ძვირადღირებული სახლებისა და კერძო თვითმფრინავის საყიდლად იყო გამოყენებული.
ცნობისთვის, ოფშორული ანგარიშების მეშვეობით ფულის გადატანა დაბალ საგადასახადო იურისდიქციებში უმეტეს ქვეყნებში ლეგალურია და მონაცემებში დასახელებული ადამიანების უმეტესობა არ არის ბრალდებული დანაშაულებრივ ქმედებაში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ავგუსტინა სარავია და ფრანჩესკა მაგლიონე